ისანში სამშენებლო ობიექტზე დაღუპული ახალგაზრდა შესაძლოა არასრულწლოვანი იყო

ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისში, ისნის რაიონში, დოლაბაურის ქუჩაზე არსებულ სამშენებლო ობიექტზე გარდაცვლილი მამაკაცი სავარაუდოდ არასრულწლოვანია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით მშენებარე ობიექტის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, გარდაცვლილის ასაკის დადგენის მიზნით, მათ კომპანიისგან დასაქმებულთან ხელშეკრულება გამოითხოვეს, თუმცა ჯერ არ მიუღიათ. თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაღუპული  16 წლისაა.

მისივე თქმით, პირველადი მონაცემებით, სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო, რის გამოც დეპარტამენტმა სამშენებლო პროცესი შეაჩერა და მომხდარის შესახებ დეტალური მოკვლევა მიმდინარეობს.

ტრაგედია თუშეთში: 44 წლის მამაკაცი ჰესის მშენებლობაზე დაიღუპა >>

რაც შეეხება სამშენებლო ობიექტზე არასრულწლოვანის დასაქმებას, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, პაატა ჟორჟოლიანის განცხადებით, შრომის კოდექსში ცალსახად არის მითითებული, რომ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრულწლოვანის დასაქმება აკრძალულია. მისი განმარტებით, კომპანია პასუხისმგებელია გააკონტროლოს, რომ სამშენებლო ობიექტზე არასრულწლოვანი ადამიანი არ იყოს დასაქმებული.