თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გიორგი ჭიღვარიას მერიის შენობის წინ ვარსკვლავი გაუხსნა, იუწყება პირველი არხი.
„ტუალეტი ვერ გახსნენ“: გოგი წულაიამ ქუთაისის მერიას პამპერსები და ღამის ქოთნები აჩუქა >>
წულაიას თქმით, ქალაქში არსებული პრობლემების მიუხედავად, მერი გამუდმებით მივლინებაში იმყოფება.
„ქუთაისს ჰყავს მოგზაური მერი. ქალაქი თავზე გვემხობა და ეს ხან ლონდონშია, ხან კიდევ ამერიკაში. რაც გამოსდის კარგად, ეს არის მოგზაურობა. შესაბამისად, მერიის წინ იყოს სახელოვანი მოგზაურის ვარსკვლავი“, – განუცხადა ჟურნალისტებს წულაიამ.
პოლიტიკოსი მსგავს კრეატიულ პერფორმანსს პირველად არ აწყობს. 2018 წლის ივლისში მამუკა ბახტაძის განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დროს წულაიამ სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. 2019 წლის მარტში ქუთაისის მერიასთან მიიტანა წითელი ღამის ქოთნები და პამპერსები და ამ პერფორმანსით შეახსენა მერიას, რომ ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტი.