20–21 ივნისის საქმეზე კიდევ ოთხი პირი დააკავეს

აქციაზე  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის კიდევ 4 პირი დააკავა, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე.

საპროტესტო აქცია, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

პარლამენტის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილე პირის ამოკერვას ცდილობს

მისი თქმით, 1992 წელს დაბადებული კ.ღ. გამოირჩეოდა პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცველი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ.გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით, პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

1996 წელს დაბადებული ი.მ. სამართალდამცველს რეზინის ხელკეტს ურტყამდა და შეკრებილებს პოლიციელებზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა. რაც შეეხება 1997 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

შსს-ს ცნობით, აქციაზე  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

 ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად აგრძელებს.

„მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას“, –აღნიშნა ბორცვაძემ.

პრემიერი აქციის დაშლაზე: „ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები" >>

დაკავებულია პოლიციელი: 20-21 ივნისის საქმის გამოძიება გრძელდება

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი 20 ივნისის ღამეს რუსთაველზე მიტინგის დაშლის დროს უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს.

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. დარჩა ერთადერთი მოთხოვნა – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. თავად მინისტრის თქმით, პოლიციელები იმ ღამეს ლეგიტიმურად მოქმედებდნენ და მათ საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.