მეზვრიშვილი: აქციის დაშლის საქმეზე პროკურატურაში გახარია შეიძლება დაიბარონ

თბილისში 20-21 ივნისის ღამეს აქციაზე ცალკეული პოლიციელის მიერ ძალის გადამეტების შესახებ საქმეს იძიებს პროკურატურა და არა შსს
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა მზად არის უპასუხოს პროკურატურის ყველა კითხვას, რომელიც თბილისში 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლის დროს ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებას უკავშირდება, განაცხადა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

არეულობა და აქციის დაშლა - 20-21 ივნისის მოვლენების ქრონოლოგია >>

საპროტესტო ტალღა თბილისში 20 ივნისიდან არ ცხრება, იმ დღიდან, როდესაც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე გამოჩნდა რუსი დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვი. იმ დღეს ანტირუსული აქცია გადაიზარდა არეულობაში. მას შემდეგ, რაც პოლიცია ორი საათის განმავლობაში მომიტინგეებს იგერიებდა, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

საპროტესტო აქციები თბილისში გრძელდება. შეუსრულებელი რჩება მხოლოდ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა, როგორც 21 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირის. მინისტრის თქმით, პოლიციამ იმ ღამეს ლეგიტიმურად იმოქმედა და ხელისუფლების დამხობა აღკვეთა. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.

„ხელმძღვანელობის გამოკითხვის გარეშე გამოძიების ჩატარება შეუძლებელი მიმაჩნია. ეს ადამიანები იმ ღამით იქ იყვნენ და თითოეულ ჩვენთაგანზეა გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩვენ მას არ გავურბივართ და ვალდებულები ვართ ვუპასუხოთ გამოძიების ყველა კითხვას. როგორც კი დაგვიბარებენ, მინისტრის მოადგილეებიც და შესაბამისი ხელმძღვანელობაც გამოკითხვაზე გამოვცხადდებით“, - განაცხადა მეზვრიშვილმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.

მისი თქმით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ საქმეს იძიებს პროკურატურა, და არა შსს.

გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“

„სამოხელეო დანაშაულს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იძიებს და ვერც გამოიძიებს, უბრალოდ არ არის ეს ჩვენი მანდატი. გამოძიებას საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. ჩვენმა გენერალურმა ინსპექციამ ორ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით გადააგზავნა შესაბამისი მასალები პროკურატურაში. ჩვენს ინტერესშია, რომ ეს გამოძიება სწრაფად დასრულდეს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, კანონის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„თუ არსებობს რეალური დადასტურება სამხილებით, რომ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტება, - ის, რაზეც მეტყველებს საზოგადოება და, სამწუხაროდ, მედიაში გავრცელებული კადრები, - რა თქმა უნდა ამას შესაბამისი შედეგი უნდა მოყვეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ჩუგოშვილი: ვინც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა, ყველამ ცუდად დაამთავრა >>

ამ ეტაპზე პოლიცია პოლიციელების გამოკითხვას აწარმოებს.

ამბოხის საქმე

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ აღიძრა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე. ამ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით -  „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“ და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი“.

თბილისში არეულობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა

ამ ეტაპზე არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

მოწმეების სახით შსს-მ გამოკითხა მელია თანამოაზრე ხატია დეკანოიძე, თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა, ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და გუბაზ სანიკიძე („გამარჯვებული საქართველო").

ქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება >>

ასევე გამოიკითხებიან ბაჩუკი ქარდავა (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი), ირაკლი ღლონტი („კანონი და სამართალი") და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც ქვეყანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ მალევე დატოვა.

ყველა ეს პოლიტიკოსი 20 ივნისს ერთად იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ქვეყნის პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე რუსი დეპუტატის, კომუნისტი სერგეი გავრილოვის გამოჩენის პასუხი გახდა.