ლენტეხის სოფლებში ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა

ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ლენტეხის რაიონში წვიმის შედეგად დაზიანებული გზები დღის ბოლომდე აღდგება
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ლენტეხის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლება გადაუდებელი წვიმებით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის - წაღებულია გზები და ხიდები, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები.

წყალდიდობის შედეგები ხარაგაულის რაიონში – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან >>

ამჟამად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები სოფელ ტვიბის გზაზე, რომელიც პარასკევიდან გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. გზის 30 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო ადიდებულმა მდინარე მუხრიმ, ნათქვამია ლენტეხის მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე.

გარდა ამისა, დაზიანებულია ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ბურჯი, ლუჯი-სასაშის დამაკავშირებელი გზა, სასაში-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდი. ავარიულ მდგომარეობაშია შკედი-ჩიხარეშის დამაკავშირებელი ხიდი.

ტექნიკა მობილიზებულია, მაგრამ ამ ეტაპზე წვიმების გამო სამუშაოების შესრულება დროებით შეფერხებულია.

ლენტეხის სოფლებში ადიდებულმა მდინარეებმა პრობლემები შექმნა

სოფელ მელეში ადიდებული ღელე გადმოვიდა კალაპოტიდან და დააზიანა სოფლის ცენტრალური გზა. სოფლებში: ხელედში, ბაბილში, ყარიშში, ლასკადურაში დაზიანებულია შიდა სასოფლო გზები.

შაბათს ლენტეხში გამოიდარა და ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ საღამოსთვის ყველა დაზიანებული გზა აღდგება.