დღეს საქართვლოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება

სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. დილიდან საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება - ეკლესია აღნიშნავს დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას და სვეტიცხოვლობას.

ილია მეორემ სააღდგომო ეპისტოლეში სამშობლოს სიყვარულსა და ეგოიზმის დაძლევაზე ისაუბრა >>

მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა, ტრადიციისამებრ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

დღესვე სვეტიცხოველში დასრულდა წმინდა ნინოს გზის მომლოცველთა მსვლელობაც, რომელიც პირველ ივნისს ფოკიდან დაიწყო.

სვეტიცხოვლობა საქართველოში ერთ–ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია და წელიწადში ორჯერ — 13 ივლისს და 14 ოქტომბერს აღინიშნება.

დღეს საქართვლოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება

 

მართლმადიდებლური ეკლესია 13 ივლისს კვართის დღესასწაულსა და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარი სქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა. ტაძარი 1010-1029 წლებში მე-4 საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. ასეთი ტაძრები აშენდა იმავე პერიოდში კახეთში — ალავერდის ტაძარი და ქუთაისში — ბაგრატის ტაძარი. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია XV-XVII საუკუნეებში ჩატარდა.

საეკლესიო კალენდარი: 13 ივლისი

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.

მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე-11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

დღეს საქართვლოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება

 

სვეტიცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.

ამ დღესასწაულის აღსანიშნავად წმინდა ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები სვეტიცხოვლობის დღეს თავის მსვლელობას დაასრულებენ.

დღეს საქართვლოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება

 

„ეს მომლოცველობა 1 ივნისს იწყება და 13 ივლისს სვეტიცხოვლობაზე სრულდება... მათ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დალოცავს და ჩვენ ერთად ვადიდებთ უფალს“, - განუცხადა ჟურნალისტებს სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა ალექსანდრე ბეჟიტაშვილმა.

დღეს საქართვლოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება

 

სვეტიცხოველი - მთლიანად შენარჩუნებული ძეგლებიდან საქართველოს უდიდესი არქიტექტურული ძეგლია. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება.