უეფას ევროპის ლიგა: ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახეთის „ორდაბასისთან“ დამარცხდა

პირველი მატჩის წაგების მიუხედავად ქართველი ფეხბურთელები მომდევნო წრეში გასვლის შანსებს ინარჩუნებენ.
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ ოთხშაბათს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში ყაზახეთის „ორდაბასისთან“ გასვლაზე მინიმალური ანგარიშით 0:1 წააგო.

ქუთაისის „ტორპედო" საქართველოს სუპერთასის მფლობელია

ერთადერთი გოლი 67-ე წუთზე ტემირლან ერლანოვმა გაიტანა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ყაზახმა მცველმა „ტორპედოს“ მეკარის როინ კვასხვაძის შეცდომით ისარგებლა და გოლი ფაქტობრივად ცარიელ კარში გაიტანა.

მთლიანობაში თამაში მასპინძლის აშკარა უპირატესობით წარიმართა. ყაზახთა ქართველი მწვრთნელის კახაბერ ცხადაძის შეგირდებმა, რომლებმაც ბურთის ფლობის 62%-იანი მაჩვენებელი აჩვენეს, „ტორპედოს“ კარის მისამართით 23 დარტყმა განახორციელეს. ქართველმა ფეხბურთელებმა „ორდაბასის“ კარის მისამართით სულ სამჯერ დაარტყეს, მაგრამ არც ერთი დარტყმა სერიოზული საფრთხის შემცველი არ ყოფილა.

გუნდებს შორის საპასუხო თამაში 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.