თბილისი, 11 ივლისი — Sputnik.„Sputnik-საქართველოს" მკითხველთა დიდი ნაწილი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მომხრეა. ასეთია ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
არჩევნების პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლას მხარს უჭერს გამოკითხვაში მონაწილეთა 78,6%. საარჩევნო სისტემის ცვლილებას კი ეწინააღმდეგება 7,1%; საარჩევნო სისტემის ცვლილება სულ ერთია რესპონდენტთა 4,8%-სთვის. პოლიტიკა კი საერთოდ არ აინტერესებს გამოკითხვაში მონაწილეთა 9,5%-ს.
როგორ იცვლება საარჩევნო სისტემა საქართველოში?
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პარლამენტში ივლისის დასაწყისში საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იცვლება.
მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების პროექტის თანახმად, პროპორციული სისტემა საქართველოში 2020 წლიდან ამოქმედდება. პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გამოითვლება: ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. დარჩენილ მანდატებს გადაანაწილებენ უკეთესი შედეგების მქონე პარტიებზე რიგის მიხედვით.
ამასთან, შესწორებები არ ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იმიტომ კეთდება, რათა პარტიული სისტემის განვითარებას ხელი არ შეეშალოს.
მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით ცვლილება 2024 წლის არჩევნებისთვის იგეგმებოდა. ამ ეტაპზე პარლამენტში 77 პარტიული სიით და 73 ერთმანდატიან ოლქში არჩეული დეპუტატია.
გამომდინარე იქიდან, რომ ნულოვანი ბარიერის წყალობით პარლამენტში პარტიების დიდი რაოდენობა შეიძლება შევიდეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2020 წლის არჩევნების შედეგების საფუძველზე კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს.