რა ღირს საქართველოში ბიუჯეტის წინაშე დავალიანების განულება: დაკავებულია ერთი პირი

დაკავებული დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ 30 000 ლარის  სანაცვლოდ, მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში დაეხმარებოდა.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

რა საერთო ჰქონდა Crystalbet-ის და Facebook-ის ანგარიშებს - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, თაღლითური განზრახვით, დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს და დაარწმუნა იგი, რომ 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების განულებაში. ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

დაკავებული პირის თანამდებობას უწყება არ ასაჯაროებს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.