გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია „ტვ პირველთან“ მიმდინარეობს

მომიტინგეები გახარიას გადადგომას სამი კვირაა ითხოვენ
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „ტვ პირველთან“, სადაც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მიტინგები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში უკვე სამი კვირაა იმართება.  აქციის მონაწილეები პროტესტის პირველ დღეს აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.

ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს

აქციის მონაწილეებმა გიორგი გახარია „ტვ პირველის“ შენობაში შეძახილებით „გახარია წადი“ და სტვენით შეაცილეს.

„ტვ პირველთან“ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელიც იმყოფებიან.

„ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც მიხვალთ, თანაც არცერთ კანონს არ დავარღვევთ. თქვენ ჩვენგან საფრთხე არ გემუქრებათ. თქვენ თვენივე სინდისის პატიმარი იქნებით მთელი ცხოვრება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგია მაქარაშვილმა გახარიაზე საუბრისას.

აქციის მონაწილეების ნაწილი დღეს ღუდუშაურის კლინიკასთან შეიკრიბა. მათ მსვლელობით ტელევიზიასთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.

ტელევიზიასთან ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.

რატომ არ გადადგება გიორგი გახარია >>

საპროტესტო აქციები პარლამენტთან 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა. 20-21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში გადაიზარდა.

არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, დააკავეს 300-ზე მეტი. თბილისში გაკეთებული ანტირუსული განცხადებების პასუხად რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა.