გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მომიტინგეების მიერ მისი გადადგომის მოთხოვნის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ეს შექმნილ სიტუაციიდან მისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „ტვ პირველში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად იმყოფება. გადაცემის პარალელურად, ტელევიზიის შენობასთან მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს >>

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოყვა, 20 ივნისს გვიან საღამოს არეულობასა და ანტოსამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

„ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად, წასვლა ამ მომენტში, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ მისგან გაქცევა“, - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, ადამიანებმა, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ, ჯერ ვერ გააცნობიერეს, რას ნიშნავს „იყო სახელმწიფოს სამსახურში“.

მეზვრიშვილმა განმარტა, ვინ მონაწილეობდა აქციის დაშლაში პარლამენტთან

„მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შს მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად; როდესაც ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნად ცდილობენ შეჭრას პარლამენტში, როდესაც ვერ ხსნიან დღესაც, რა მიზნით და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ან რომელიმე თანამდებობის პირი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო, გადაარჩინო შენი იმიჯი თუ შეეგუო რაღაც კომპრომისს ან მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან შს მინისტრმა მკაფიოდ გასცა პასუხი კითხვაზე, რომელიც აქციის დაშლის პირველი დღეებიდან ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აწუხებს - მან გასცა თუ არა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება?

უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან >>

„რაღაც მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ შორის პარლამენტის წევრების მოწოდების საფუძველზე, აქცია გახდა ძალადობრივი. ამ მომენტიდან პოლიციას ჰქონდა სრული ლეგიტიმური უფლება ყველა სახის სპეციალური საშუალების გამოყენების. ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით პოლიცია 22:00 საათიდან ორი საათის განმავლობაში თავდასხმას იგერიებდა.

გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“

„დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენეთ ტყვიები. ეს ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად. თქვენ მელაპარაკებით მშვიდობიანი აქციის სტანდარტებიდან გამომდინარე, მე კი ვსაუბრობ თავდასხმაზე, როდესაც პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ის საშუალებები, რომელიც კანონით არის გაწერილი“,- აღნიშნა გახარიამ.