რა ბედი ეწევა დაგროვებით საპენსიო ფონდს საქართველოში

ამჟამად საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის საპენსიო სააგენტოს სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლივიე რუსო საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე გახდა, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს.

საქართველოს პრემიერი: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია

ოლივიე რუსოს მოადგილე ჟან–ფრედერიკ პოლსენი გახდა. იგი 2017 წლიდან იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროსი მრჩეველი. საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა.

საინვესტიციო საბჭოს წევრებმა საქართველოში არსებულ კაპიტალის ბაზარზე ისაუბრეს და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის მონახაზი განიხილეს. საინვესტიციო საბჭოს წევრები თბილისში კიდევ ორი დღით დარჩებიან, მომავალში კი დისტანციურად გააგრძელებენ საპენსიო სააგენტოსთან მუშაობას.

საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებულია ხუთი წევრით: დავით წიკლაური (სამი წლით), ჟან-ფრედერიკ პოლსენი (სამი წლით), ოლივიე რუსო (სამი წლით), ტიმო ვირერკენტა (ხუთი წლით), მაიკლ რიდლი (ხუთი წლით).

საპენსიო სისტემა საქართველოში ყოველმა მეათე დასაქმებულმა დატოვა>>>

საინვესტიციო საბჭოს უფლებებსა და მოვალეობებში საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაა. საბჭო დოკუმენტს დასამტკიცებლად საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს, რომელსაც ცვლილებების შეტანის უფლება აქვს.

აუცილებლობის შემთხვევაში საბჭო პერიოდულად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას.

მინიმუმ სამ თვეში ერთხელ განახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებულ შეფასებასა და მონიტორინგს. გარდა ამისა, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან ერთად საბჭო ასევე შეაფასებს შესაბამის საინვესტიციო მოღვაწეობას და შეუსაბამობის შემთხვევაში უფროსი საინვესტიციო ოფიცრისგან დადგენილ ვადებში დასამტკიცებლად ღონისძიებების გეგმის წარდგენას მოითხოვს, რომლის შესრულებაც შესაბამისი საინვესტიციო პორტფელის უზრუნველყოფისთვის არის საჭირო.

თუ დაგროვებითი პენსიის სისტემის დატოვება გადაწყვიტეთ: ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ

წლიური ბიუჯეტის მომზადების მიზნით საპენსიო ფონდი მოამზადებს საინვესტიციო მოღვაწეობის წლიურ გასავლებთან დაკავშირებულ წინადადებებს, მათ შორის იქნება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რაოდენობა, მათი ანაზღაურება და ა.შ.

საბჭო ასევე აირჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარებს (ფასიანი ქაღალდების ბაზრის პროფესიონალური მონაწილე, ფასიანი ქაღალდების სერტიფიკატების შენახვის მომსახურების განმხორციელებელი და/ან ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების გადასვლის გათვალისწინებით მომსახურების განმხორციელებელი) და აქტივების მმართველ კომპანიებს.

ახალი საპენსიო სისტემა ნაწილობრივ სავალდებულოა – დაგროვებითი პენსია სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის. დანარჩენებს არჩევანის უფლება აქვთ.

ივნისში დაგროვებითი პენსიის სქემიდან გასულ მოქალაქეთა რაოდენობამ დარეგისტრირებულთა დაახლოებით 10% შეადგინა.

როგორც საპენსიო ფონდში განაცხადეს, რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს, მეორე – კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.