„ლა სკალას" სცენაზე ქართველმა ბარიტონმა ვუდი ალენის მიერ დადგმულ ოპერაში იმღერა

საკულტო რეჟისორის მიერ დადგმულ ოპერაში ქართველი მომღერალი ივლისის ბოლომდე გამოვა.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ბარიტონი ლაშა სესიტაშვილი მილანის ცნობილი თეატრის „ლა სკალას" სცენაზე გამოვიდა ოპერაში, რომელიც ცნობილმა ჰოლივუდელმა რეჟისორმა ვუდი ალენმა დადგა.

ვუდი ალენი კლასიკური მუსიკის დიდი თაყვანისმცემელია. მისი დებიუტი, როგორც საოპერო რეჟისორისა, ლოს-ანჯელესის საოპერო თეატრში შედგა – მან ჯაკომო პუჩინის „ჯანი სკიკი" დადგა. დადგმას ზოგიერთმა კრიტიკოსმა 2008 წელს კლასიკური მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

ცხრა წლის ქართველი საოპერო მომღერალი მანჩესტერიდან

„ჯანი სკიკი" 83 წლის კინორეჟისორისთვის „ლა სკალას" სცენაზე სადებიუტო ნამუშევარი გახდა. ვუდი ალენმა პუჩინის ერთადერთი კომედიური ოპერა შეარჩია და მოქმედება ფლორენციიდან ნეაპოლში გადაიტანა. მთავარი გმირი კი, ჯანი სკიკი, ამერიკელი რეჟისორის დადგმაში წარმოდგენილია არა აფერისტად, არამედ დიდ მაფიოზად. პრემიერა მილანში 6 ივლისს გაიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ სპექტაკლის ნაწილი და სცენაზე სახელგანთქმულ ამბორჯო მაესტრისთან ერთად", – დაწერა ლაშა სესიტაშვილმა Facebook-გვერდზე ოპერის პრემიერის შესახებ.

ლაშა სესიტაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია საქართველოში, ბელარუსში, თურქეთში, რუმინეთსა და იტალიაში. 2017 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს იტალიაში, მილანში, სადაც „ლა სკალაში" სტაჟირებას გადის. პარალელურად აქტიურად მონაწილეობს საოპერო დადგმებში.

ქართველი საოპერო დივა Metropolitan Opera-ს საუკეთესო შემსრულებელთა ათეულში მოხვდა>>

ლაშა სესიტაშვილი ვუდი ალენის მიერ დადგმულ ოპერაში იმღერებს 10, 15, 17 და 19 ივლისს. ოპერას უდირიჟორებს ცნობილი უნგრელი მაესტრო ადამ ფიშერი.