საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა

8 ივლისს როგორც რუსული, ისე ქართული ავიაკომპანიებისთვის ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლების დროებით შეწყვეტის შესახებ.
Sputnik

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. 22 ივნისს კი იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, აიკრძალა ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელებაც. მანამდე ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს რეკომენდაცია მიეცათ, არ გაყიდონ საქართველოში საგზურები.

საგარეო უწყება: „რუსთავი2“-ის პროვოკაცია ქართულ-რუსული ურთიერთობების გართულებას ემსახურება

რუსეთიდან საქართველოში ფრენებს ასრულებდნენ რუსული ავიაკომპანიები „ურალის ავიახაზები", „პობედა“, „აეროფლოტი“, S7 Airlines, Red Wings Airlines, Smartavia, ასევე ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines-ი. ფრენები ხორციელდებოდა მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, ყაზანიდან, როსტოვიდან, ირკუტსკიდან, ულან-უდედან, ჩიტადან, პერმიდან, ეკატერინბურგიდან, კრასნოდარიდან, სოჭიდან, ნოვოსიბირსკიდან და ა.შ. ფრენები ასევე ხორციელდებოდა თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან.

ეს არ არის საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის პირველი შემთხვევა.

პირველად რეისები 2006 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ აიკრძალა. რაღაც დროით აღდგა 2008 წელს, თუმცა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კვლავ აიკრძალა. ქვეყნებს შორის პირველი ჩარტერული რეისები 2010 წლის აგვისტოდან ხორციელდებოდა, რეგულარული ავიამიმოსვლა კი 2014 წლის 27 ოქტომბრიდან აღდგა.

ახლა კი, ოთხი წლის, რვა თვისა და ცხრა დღის შემდეგ ავიამიმოსვლა კვლავ შეწყდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნებს შორის საზღვაო და სახმელეთო გზა ღიაა.

რუსეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ ეს დროებითია. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის გაუქმების პირობად ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება დაასახელა.

ტურისტებს საქართველოს აეროპორტებში ღვინით დაასაჩუქრებენ

ამასთან ერთად პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ შეუძლია საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობა აუკრძალოს.

„საუბარი იმაზე, რომ ხალხი საქართველოში აღარ იმოგზაურებს – ამის თქმა შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია ხალხისთვის საქართველოში ჩასვლის აკრძალვა, ამის გაკეთებას არავინ აპირებს. ჩვენ მარტო შეგვიძლია მოქალაქეებს რეკომენდაცია მივცეთ, ყურადღება მიაქციონ იმ საფრთხეებს, რომლებიც ამ პერიოდში შეიძლება საქართველოში წარმოიშვას. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ზომები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ტურისტული ნაკადის შემცირების შესახებ“, – განაცხადა პესკოვმა.

ქართულ-რუსული ურთიერთობები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე მკვეთრად გამწვავდა. საპროტესტო ტალღა  საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტისა და მისი პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. 20-21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში გადაიზარდა.

პოლიციამ 300-ზე მეტი ადამიანი დააკავდა, დაშავდა 240 ადამიანი, აქციის დაშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

საქართველოს მთავრობას რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს>>>

თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 315-ე მუხლით – „შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“. პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს პოლიციის ცალკეული თანამშრომლის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებზე.

პარალელურად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებები სრულად უზრუნველყოფენ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებას.

რიგითი მოქალაქეების შიშები

ტურისტებს შორის, რომლებიც საქართველოს სტუმრობენ, რუსი ტურისტები პირველ ადგილზე არიან. 2019 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 31%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: საქართველოში რუს ტურისტებზე თავდასხმა არ დაფიქსირებულა

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა ერთგვარ კატასტროფად შეაფასა ბევრმა მოქალაქემ, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო ტურიზმია.

საქართველოს გიდების ასოციაციის წევრმა ეკატერინე ლომაძემ აღნიშნული აკრძალვის გამო ქართველი გიდების შესაძლო ფინანსურ დანაკარგზე ისაუბრა.

„ჩვენთან რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი გიდების რაოდენობა 50/50-ზეა. ახალგაზრდობა, ძირითადად, ინგლისურენოვანია და მათ ვერც იგრძნეს ის, რაც ახლა მოხდა. ისინი, ვინც რუსულენოვანი იყვნენ, ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ტურისტებთან რჩებიან, რომლებიც რუსულ ენაზე საუბრობენ. მე მთელი აგვისტო დაჯავშნული მქონდა და მთელი აგვისტო უკვე დავკარგე და დავზარალდი... მარტო ამ თვეში დავკარგე 1-დან 1,5 ათასამდე დოლარი“, – განაცხადა ლომაძემ „Sputnik საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

საკუთარ უკმაყოფილებას ასევე გამოხატავენ მცირე სასტუმროების მეპატრონეებიც.

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში განაცხადეს, რომ ზარალმა შეიძლება 2,1 მლრდ ლარს მიაღწიოს.

ტურიზმის ადმინისტრაცია: საქართველოს, შესაძლოა, 1 მილიონი რუსი ტურისტი მოაკლდეს

რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მისი სიტყვებით, ხელისუფლება ყველა მიმართულებით მუშაობს. „ჩვენი მიზანია ეკონომიკური ინტერესების დაცვა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკური ინტერესი", – აღნიშნა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

რუსი ტურისტები, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ტურისტები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჰუმანიტარული კავშირების გავრცელებასა და განმტკიცებაში, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

ექსპერტების მოსაზრება

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საპროტესტო ტალღის ფონზე წარმოქმნილი დაძაბულობა მალე მოიხსნება.

„არსებული ვითარება, ალბათ, საკმაოდ სწრაფად მოგვარდება, რამდენადაც რაიმე სახის ანტირუსული საფუძველი ამ მოვლენებს არ აქვს. ეს უფრო მეტად საქართველოს შიდა პოლიტიკური დისპუტია. რაც შეეხება ქართულ-რუსულ გაუგებრობებს, მათ უფრო ღრმა ფესვები აქვთ, მათ სულ სხვა მასშტაბი აქვთ და მათი გადაწყვეტა ახლო მომავალში, არა მგონია, შესაძლებელი იყოს“, – განაცხადა მენაღარიშვილმა „Sputnik–საქართველოსთან“.

ბახტაძე: ჩვენ ვართ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური სიძლიერის სადარაჯოზე

მისი სიტყვებით, რუსი ტურისტები საქართველოში საკმაოდ მალე დაბრუნდებიან და ამასთან ერთად ავიამიმოსვლაც აღდგება. სხვა შეზღუდვებიც, რომლებიც შეიძლება ვაჭრობის დარგში წარმოიშვას, ისინიც მოიხსნება, დარწმუნებულია ექს-მინისტრი.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე კი მიიჩნევს, რომ ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოზე უარყოფითად იმოქმედებს.

„შედეგი მძიმე იქნება, რადგან რუსი ტურისტები არ ჩამოვლენ და ეს ეკონომიკასა და ფინანსურ მდგომარეობაზე მტკივნეულად აისახება. ვფიქრობ, პოლიტიკისთვისაც ცუდია, რადგან ხალხში გაჩნდა ერთგვარი შეხების წერტილები, ხიდი გაიდო და ტურიზმმა ჩვენი ხალხების დაახლოებას ხელი შეუწყო“, – განაცხადა კიკნაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში.