"ახლა სიჩუმეა და ამ დროს მიყვარს ჩემს თავთან მარტო დარჩენა" – ემიგრანტი ქალის წერილები

ემიგრანტი ქალები – ჩვენი დროის ჩვეულებრივი გმირები, საკუთარ მხრებზე რომ გადაიტანეს ქვეყნის ყველაზე რთული პერიოდი, ასეა დღესაც... შორს წასულები ოჯახსა და შვილებთან განშორებას ვაჟკაცურად იტანენ და რომ არა ისინი, ბევრი ადამიანის წინაშე ალბათ სიცოცხლის რეალური საშიშროება იარსებებდა...
Sputnik

ამ საოცარ ძალასთან ერთად მათში სულიერება და სილამაზის ძიების გენეტიკური ნიჭი და სურვილიცაა ჩადებული. ამიტომ უცხოეთში, ფსიქოლოგიურად რთულ პირობებში, სამუშაოსგან თავისუფალ დროს ბევრს ფიქრობენ, ოცნებობენ, წერენ, ხატავენ, ქმნიან სამკაულებსა და ლამაზ ნივთებს – ეს მათ ცხოვრებას უადვილებს და მონატრებას უქარვებს...

ვიწყებთ პერიოდულ რუბრიკას „ემიგრანტი ქალის ღია წერილები“, სადაც მათი ღია ბარათები, ცხოვრების ამბები, დაპოსტილი ისტორიები გამოქვეყნდება.

"ახლა სიჩუმეა და ამ დროს მიყვარს ჩემს თავთან მარტო დარჩენა" – ემიგრანტი ქალის წერილები

ემიგრანტი ქალის წერილები

ფატი ბოკელავაძე – თბილისელი, პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერი, მუშაობდა მშენებლობის სამინისტროში, სააქციო საზოგადოებაში, სამშენებლო სამმართველოში კადრების განყოფილების უფროსად. ათი წელი ცეკვის ანსამბლის წევრი იყო. ახლა იტალიაში, ქალაქ ბარის გარეუბანში მოხუც ცოლ-ქმარს უვლის. სამშობლოსთან სულიერი კავშირი არ გაუწყვეტია, დღემდე წერს ლექსებს...

„სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს“: ემიგრანტი ქალის ისტორია

საშინლად წვიმს, გეგონება ციდან ზღვა გადმოვიდა. ჩემს მოხუცებს სძინავთ. ცოლ-ქმარია, ორივე ალცჰაიმერითაა დაავადებული. ძალიან დამღლელი დაავადებაა. რატომღაც ყველა მოხუცი ასეა აქ. ბებია კარგია, ბაბუა აგრესიული, მაგრამ ამწუთას ორივეს სძინავს და სრული სიმშვიდეა. ისე, გამიმართლა, არაჩვეულებრივი პატრონი მყავს, ჩემი ტოლი გოგოა, აქ მართლა ოჯახის წევრივით ვარ, არაფერს იშურებენ ჩემთვის. ესენი რომ არა, არ ვიცი რა მეშველებოდა, მაგრამ...

სახლი მენატრება... სულ მენატრება. ახლა სიჩუმეა და ამ დროს მიყვარს ჩემს თავთან და ფიქრებთან მარტო დარჩენა, როცა არავინ გიშლის ხელს. ხშირად ვდგები სამზარეულოს ფანჯარასთან და ეზოში ვიყურები. ახლაც ვდგავარ, ვუცქერი ეზოს და ვფიქრობ, ვფიქრობ უსასრულოდ, ყველაზე და ყველაფერზე...

"ახლა სიჩუმეა და ამ დროს მიყვარს ჩემს თავთან მარტო დარჩენა" – ემიგრანტი ქალის წერილები

ეზოში მანდარინის, კარალიოკის, მსხლის და ატმის ხეებია, აქა-იქ ვარდებია დარგული, ბალახი ჯერ კიდევ მწვანეა, ბინის ქვეშ მეზობელს შეშა უდევს ზამთრისთვის, ლამაზად დაჭრილი და დალაგებული. იქვე ღვინის ბოცები აწყვია, ოცი და ოდაათ ლიტრიანები. ერთ მეზობელს იხვებიც ჰყავს, ერთს კი გერმანული ნაგაზი, ზუსტად ისეთი, მე რომ მყავს სახლში. ყოველ დილით აივნიდან ქართულად ვეფერები. აშკარად გრძნობს, რომ მიყვარს და როცა დამინახავს, სულ წკმუტუნებს.

ზაფხულში ეზოში აქაური მაცხოვრებლები ცელოფნებს ბალახზე აფენენ. თხილს და კაკალს აშრობენ, ისე, როგორც ჩვენთან. მიყვარს ამ ეზოს ყურება, საქართველოს მაგონებს… ხშირად ვრჩები მარტო ამ ხეებთან, ვარდებთან და ბალახებთან, ვეჩურჩულები ხის ფოთლებს, ვუყვები ჩემზე, სხვებზე, ტკივილზე, სიხარულზე. ნეტავ, თუ ესმით რამე?

ქართველი ემიგრანტი: ქვეყნის სიყვარული შორიდან უფრო მძაფრი აღსაქმელი ყოფილა

რატომღაც მგონია, რომ ჩვენთან სულ სხვა სული აქვს ხეებსაც, ყვავილებსაც, ბალახსაც, როცა ქარი ამოვარდება, ან ოდნავ სიო დაუბერავს, ფოთლები სულ სხვანაირად შრიალებს. ხეებიც სხვაგვარად ირხევა, უფრო მსუბუქად და ჰაეროვნად, აქ კი, ამ უცხო მიწაზე ყველაფერი მძიმე მეჩვენება.

უუფ... ძნელია. მენატრება, მენატრება ჩემი ვარდები და ზამბახები, ზამბახები ძალიან მიყვარს, საოცრად ნაზები და ლამაზები არიან – დედოფლებს ჰგვანან. განსაკუთრებული ფერებით გამოირჩევიან, თითქოს სპეციალურად შეუკერესო კაბები საღამოს კარნავალისთვის.

კარნავალზე ბავშვობა მახსენდება... ჩვენ მოვდიოდით ჩვენი ზღაპრებიდან, სადაც კეთილი ყოველთვის ამარცხებს ბოროტს, მოვდიოდით და ასე გვეგონა, რომ მთელი ცხოვრება ამ ზღაპრებივით ფერადი და ჯადოსნური იქნებოდა, გვქონდა ლამაზი ოცნებები, არ ვიცოდით რა იყო დარდი, ტკივილი, სევდა. ვთამაშობდით ჩვენს ბავშვურ თამაშებს, არ გვქონდა მობილურები, კომპიუტერები, პლანშეტები, მაგრამ გვქონდა „წრეში ბურთი“, „ამის პატრონმა რა ჰქნას“, „ვისი სული გსურს“, „ჩემი ოქრო ჩემთან“, „კლასობანა“, „დამალობანა“ და უამრავი სხვა, გახსოვთ?

"ახლა სიჩუმეა და ამ დროს მიყვარს ჩემს თავთან მარტო დარჩენა" – ემიგრანტი ქალის წერილები

- როცა გეტყვი ი, მაშინ გამოდი, როცა გეტყვი ე, არ გამოხვიდე! კიდევ ეს: ესა, მესა, გადის ესა, აგიშენებ სასახლესა, შიგ შევა მელა, აბა, დელი დელა...

თუ რამე დაგვეკარგებოდა, მაშინვე ჭიამაიას მოვუხმობდით: ჭიავ-ჭიავ მაპოვნინე, მე შენ დედას გაპოვნინებ... მუხლებიც ბევრჯერ გვქონია გადატყაული, ბევრჯერ მწარედ გვიტირია, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდით, ღამეც ბევრი გაგვითენებია, მზეს რომ გავისტუმრებდით, მთვარე მოგვადგებოდა, მერე მთვარეს გავაცილებდით და მზეც მოგვანათებდა და ასე გრძელდებოდა ყოველთვის.

კონდიტერი „ნინა ჯორჯიანა“ და ემიგრანტების დასახმარებელი კულინარიული საიტი Donna Emigrata

გვიყვარდა ერთმანეთი, ვიცოდით ერთგულება, მეგობრობა, გაბუტვაც და მერე: ნეკი ნეკისა, შერიგებისა... უფ, რა კარგი იყო, წავიდა, გაფრინდა ბავშვობა, ნამდვილი, ლაღი და ულამაზესი...

ახლა კი, როგორი დაცლილი ვარ შინაგანად, დაღლილიც. სევდამაც დამღალა, მაგრამ წლებია ვერ გავექეცი, ალბათ არ უნდა ჩემი დატოვება. ცრემლი და სევდა სიამის ტყუპებივით თან დამყვება ყველგან. სასაცილოა... მაგრამ ასეა.

რა უცნაური ამინდია, თითქოს მარტიაო... ამ ფიქრებში წვიმამაც გადაიღო და მზემაც გამოანათა, თითქოს დათბა... ნეტავ საქართველოში როგორი ამინდია? ერთი სული მაქვს როდის ჩავალ...