საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის მიმართ შეურაცხყოფებს Rustavi2-ის ეთერში პროვოკაცია უწოდა

Sputnik

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას უკიდურესად მკვეთრი რეაქცია ჰქონდა Rustavi2-ის სკანდალურ ეთერთან დაკავშირებით, რომლის დროს წამყვანი გიორგი გაბუნია წუთნახევრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფას აყენებდა.

„ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

Rustavi2-ის საქმე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 18 ივლისს გახდება ცნობილი

საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეარხის სკანდალური გამოშვება ეთერში გავიდა რუსეთთან ურთიერთობების ყველაზე სერიოზული გართულების ფონზე ბოლო ათი წლის განმავლობაში. თბილისში თითქმის სამი კვირის განმავლობაში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ანტირუსული ლოზუნგებით და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს. თბილისში მიმდინარე ანტირუსულ რიტორიკაზე საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა - ეს გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 8 ივლისს შევა. ამავე დროს რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეწყვიტეს.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად“, - დაწერა ბახტაძემ.

საქართველომ Rustavi2-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს უპასუხა >>

თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი2“-ის წამყვანის საქციელს „პატრიოტიზმით“ შენიღბული მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა.

„ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია „პატრიოტიზმით“ შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ჰქვია – საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​ ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!“, – წერს კახა კალაძე, სადაც გულისხმობს „რუსთავი2“-ის კავშირს ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში წამყვანის მხრიდან ადგილი ჰქონდა „თვითგამოხატვას“, თუმცა „წითელი ხაზის“ დარღვევა აღიარა.

„ეს წესები მეც არაერთხელ დამირღვევია, თუმცა ამ დარღვევასაც თავისი ფორმა აქვს, წითელი ხაზები და ასევე საჭიროებს გემოვნებასა და ზომიერებას... არხი კატეგორიულად არ იზიარებს გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმულ არა აზრს, არამედ ამ აზრის გამოხატვის ფორმას. მიიჩნევს, რომ ეს არ შეესაბამება არც არხის ედიტორიალს და არც არხის ძალიან მაღალ სტანდარტს“, - განაცხადა ტელეარხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ.