ილია მეორე: ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს

დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღეა
Sputnik

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. ადამიანს ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება, ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

ილია მეორე: ცხოვრების გზაზე მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს

ილია მეორის თქმით, სწორედ წმინდა იოანე ნათლისმცემელია ასეთი შემწე. დღეს მისი დაბადების დღე აღინიშნება.

„გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეს. მისი ლოცვა, კურთხევა გფარავდეთ. როგორც იცით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მშობლები უშვილონი იყვნენ. როცა ერთ-ერთი მსახურების დროს მისი მამა, ზაქარია ასრულებდა მღვდელმსახურებას, მას გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა, რომ შენ გეყოლება შვილი და დაარქმევ სახელსა იოანეს. ზაქარია და ელისაბედი მოხუცებული იყვნენ, ვერ დაიჯერეს, რომ შვილი ეყოლებოდა და მან დაკარგა მეტყველება. მართლაც მოხდა სასწაული და ეყოლა შვილი, დაარქვეს სახელად იოანე“, - აღნიშნა პატრიარქმა.

„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ“ – ილია მეორემ ემიგრანტებს უმასპინძლა

ილია მეორის თქმით, იოანე ნათლისმცემელი არის სინანულის მქადაგებელი და ყოველი ადამიანი მისი ლოცვის ქვეშ უნდა იყოს.

„ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყოს ჩვენი მფარველი. შეგვაძლებინოს, რომ მტკიცედ განვლოთ ეს ცხოვრების გზა. ცხოვრების გზა არც ისე იოლია. მრავალი დაბრკოლება ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ დროს მას სჭირდება დახმარება, სულიერი შეწევნა. წმინდა იოანე ნათლისმცემელი არის ასეთი შემწე. შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ პარასკევს, 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულზე ხუთშაბათს საღამოსა და პარასკევს დილით წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. ამასთან, შაბათს, 13 ივლისს არის სვეტიცხოვლობა, 12 მოციქულის ხსენების დღე და სვეტიცხოვლის ტაძარში წირვა-ლოცვა შესრულდება.