თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ბათუმში დაგეგმილი რუსული ჯგუფ A-Studioოს კონცერტი, რომლის სოლისტია ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია, საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო გაუქმდა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“ კლუბ UP2U-ის მფლობელ ირაკლი ფალავანდიშვილზე დაყრდნობით.
რას ფიქრობს დიანა ღურწკაია საქართველოში რუსი ტურისტების მასპინძლობაზე >>
საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ივნისის ბოლოს გამწვავდა. თბილისის ცენტრში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქციები, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მისი გამოსვლის პასუხი გახდა. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.
მოსკოვმა ამ მოვლენების საპასუხოდ 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.
A-Studio-ს კონცერტი ბათუმის კლუბ UP2U-ში 27 ივლისს იგეგმებოდა, გაყიდულია ათასზე მეტი ბილეთი.
„ორშაბათს დავდებთ ალტერნატიულ ვარიანტს. Bob Sinclar-ს ან Moloko-ს ზუსტად არ ვიცით, ჯერ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. იმ ხალხს, ვისაც A-Studio-ს კონცერტზე დასასწრებად ბილეთები ჰქონდათ შეძენილი, შეეძლებათ იმ ბილეთით აღნიშნულ საღამოზე დასწრება. იმ შემთხვევაში თუ სხვა კონცერტით ჩანაცვლების სურვილი არ აქვთ, მიმართონ tkt.ge-ს და ბილეთებში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“, - განაცხადა ირაკლი ფირანიშვილმა.
საქართველოს მთავრობას რუსი ტურისტებისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება სურს >>
არ არის გამორიცხული, ქვეყანაში სიტუაციის დამშვიდების შემდეგ, კონცერტი შემდეგ სეზონზე შედგეს.
თოფურია სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა - მას შემდეგ, რაც სამხედრო ფორმით იმღერა და 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა.
ერთი კვირის წინ რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარი თქვა ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ. სოციალურ ქსელებში კრიტიკის შემდეგ მან ბოდიში მოიხადა რუსეთში მორიგი გამოსვლის გამო - 22 ივნისს მოსკოვში ფესტივალზე Усадьба Jazz იმღერა.
ცნობილმა მომღერალმა სოსო პავლიაშვილმა მოუწოდა მსმენელს არ გაკიცხოს ქათამაძე. ამასთან მან განაცხადა, რომ თვითონ ასე არ მოიქცეოდა. „შეიძლება დროთა განმავლობაში ნინო ისევ ჩამოვიდეს გასტროლებზე რუსეთში“, - ივარაუდა მან.
ქათამაძეს მხარი დაუჭირა ცნობილმა ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ, რომელიც რუსეთში დიდი ხანია აღარ მღერის.
ამასობაში თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეებს დარჩათ ერთი მოთხოვნა - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი.
20 ივნისის მშვიდობიანი აქცია, რომელიც ოპოზიციამ შეკრიბა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლის შემდეგ, 22:00 საათისთვის არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, პოლიციამ კი რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის დროს დაიჭრა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.