გრაფიტი, როგორც პროტესტის ფორმა - თბილისელი მხატვრები მწერალთა სახლის გაუქმების წინააღმდეგ

ცნობილი თბილისელი გრაფიტის ოსტატის სიტყვებით, დავით სარაჯიშვილის სული მწერალთა სახლში დაიკარგა
Sputnik

 

თბილისი, 5 ივლისი - Sputnik. ცნობილმა თბილისელმა ქუჩის მხატვარმა გიორგი გაგოშიძემ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის გაგოშას სახელითაა ცნობილი, მწერალთა სახლთან, კედელზე გამოსახა დავით სარაჯიშვილი, რომელიც ჩემოდნით ხელში შენობას ტოვებს - ასე გამოეხმაურა გრაფიტის ოსტატი ორგანიზაციის გაუქმების გამო აგორებულ სკანდალს. 

თბილისში მწერალთა სახლი გაქურდეს

2019 წლის ივნისში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განკარგულებით უწყებაში შემავალი ორი ორგანიზაციის - მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებამ მწერლების წრეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

რეორგანიზაციის ფარგლებში, იმავე თვეს სამინისტრომ განაცხადა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებდა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი. გაუქმებული ორგანიზაციების თანამშრომლები კი უმუშევრები დარჩნენ, რამაც მათი პროტესტი გამოიწვია.

მწერლების, გამომცემლების, მთარგმნელებისა და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენლების ნაწილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის სპიკერს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. კულტურის სამინისტროში კი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხსნიან სურვილით, გააძლიერონ უწყების როლი და ახალი ფონდის საქმიანობა უფრო ეფექტური გახადონ, ასევე, ქართველ ავტორებს ახალი პერსპექტივა შეუქმნან. 

რატომ ტოვებს თანამდებობას მიხეილ გიორგაძე

ამ მოვლენებთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატა მხატვარმა გაგოშამაც, რომელმაც მწერალთა სახლის შესასვლელთან გამოსახა შენობის პირველი მფლობელი - ქართველი მეცნიერი, მეწარმე და მეცენატი დავით სარაჯიშვილი. სწორედ მისთვის ააგო 1905 წელს ეს ულამაზესი შენობა გერმანელმა არქიტექტორმა კარლ ცაარმა ივანე მაჩაბლის ქუჩაზე.

 „ის, რომ სარაჯიშვილმა ჩემოდანი ჩაალაგა და მიდის, ნიშნავს, რომ მისი სული, რომელიც აქ ცოცხლობდა, დაკარგულია“, - განუცხადა გაგოშამ ქართული მედიის წარმომადგენლებს.

საინტერესოა, რომ 1911 წელს, სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ, სახლი გადაეცა ადგილობრივ თვითმმართველობას იმ პირობით, რომ ქალაქი შენობაში მოაწყობდა სამხატვრო გალერეას ან ხელოვნების მუზეუმს. თუმცა, ერთი წლის შემდეგ სახლი შეიძინა მეწარმე აკაკი ხოშტარიამ, რომელმაც იგი 1921 წელს დატოვა. ამის შემდეგ შენობაში გაიხსნა მწერალთა სახლი, რომელსაც თავის დროზე სტუმრობდნენ გორკი, ესენინი, მაიაკოვსკი, ბულგაკოვი და მრავალი სხვა გამოჩენილი სიტყვის ოსტატი.