საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება

ჯგუფურად ძალადობის ორგანიზების მუხლით ბრალი უკვე წარდგენილი აქვს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მუხლები გადააკვალიფიცირა, განაცხადა საქართველოს პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა>>>

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. დაშავდა 240 ადამიანი, პოლიციამ დააკავა 300-ზე მეტი მომიტინგე.

გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

„სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით", – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

მისი განცხადებით, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების უშუალო ძალისხმევით.

საქართველოს სპეცრაზმის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა

კაციტაძის თქმით, უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

ჯგუფურად ძალადობის ორგანიზების მუხლით ბრალი უკვე წარდგენილი აქვს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. ამასთან, შსს-მ გამოკითხვაზე გამოიძახა თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენმდივანი გიგი უგულავა, ყოფილი ვიცე-პრემიერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და თავდაცვის ექს-მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 26 ივნისს შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. მელიას ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული.

დანაშაული, რომელიც მელიას ედება ბრალად, ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას საქმეზე ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება 60-მდე პირმა მისცა.

საქმის ფარგლებში საპროტესტო აქციაზე პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე უფლებამოსილება შეუჩერდა ათ პოლიციელს, ასევე საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

შაბათობით მსვლელობა, სამუშაო დღეებში - კინო და ლექსები: მომიტინგეთა ახალი გეგმები>>>

საპროტესტო აქციის ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც „პროტოკოლური შეცდომა" საკუთარ თავზე აიღო – ხელისუფლებამ ასე ახსნა პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელმაც ადრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთა.

ასევე შესრულდა აქციის მონაწილეთა სხვა მოთხოვნებიც – თითქმის ყველა (300-ზე მეტი ადამიანი) დაკავებული გათავისუფლდა, დაიწყო პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.