ეკონომიკის მინისტრი: რატომ იზრდება ლარის კურსი

როგორც კი საპროტესტო მოძრაობა შესუსტდა, ეროვნული ვალუტის კურსმა გამყარება დაიწყო, აღნიშნა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, რომ ლარის კურსის ზრდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების ნორმალიზებას უკავშირდება.

ლარმა ანტირეკორდი დაამყარა – რა იქნება მომავალში?

ლარის კურსმა ვარდნა მცირე შესვენებებით მაისის პირველი დღეებიდან დაიწყო, თუმცა მკვეთრი ვარდნა გასულ კვირაში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა, რომელიც უკვე ორი კვირაა თბილისში მიმდინარეობს. ორშაბათიდან ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და ხუთშაბათს ის უკვე 2,8155 GEL/$1-ს შეადგენს.

„როგორც კი ნორმალიზებისკენ წავიდა პოლიტიკური ვითარება, მაშინვე ნორმალიზებისკენ წავიდა ლარის კურსიც. ყოველთვის ვამბობ, ლარის კურსზე მოქმედებს როგორც ფუნდამენტალური მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მხოლოდ უმჯობესდება, ასევე მოლოდინები. ნეგატიურ მოლოდინს ქმნიდა პოლიტიკური არასტაბილურობა. ჩვენ ახლა ამ ურთიერთკავშირს თვალნათლივ ვხედავთ", – განაცხადა თურნავამ პირველი არხის ეთერში.

დამოკიდებულია თუ არა ლარის კურსი ტურისტების რაოდენობაზე – კობა გვენეტაძე განმარტავს

საპროტესტო აქციებთან ერთად გამწვავდა ქართულ-რუსული ურთიერთობები. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების გამო მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა, რაც 8 ივლისიდან ამოქმედდება. ბოლო დრომდე რუსი ტურისტები, რაოდენობის მხრივ, საქართველოში ლიდერობდნენ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ მისთვის რთულია პროგნოზის გაკეთება, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს ეროვნულ ვალუტას მომავალში. თუმცა მიიჩნევს, რომ დარტყმა დიდი არ იქნება.

ტურისტული სანქციების გავლენა ეკონომიკაზე 200-300 მილიონი აშშ დოლარი იქნება, თუმცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება ლარზე ზეწოლას მაინც შეამცირებს, განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა.