ხსნა სომეხი გადამზიდავებისთვის – საქართველო ზემო ლარსთან გვირაბს გაიყვანს

სომხეთიდან და საქართველოდან რუსეთისკენ სრულფასოვანი სატრანზიტო მოძრაობისთვის აუცილებელია "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოდერნიზება.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. გადამზიდავებისთვის, განსაკუთრებით, სომხეთიდან მომავალი ავტომობილებისთვის საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსისკენ" მიმავალი საავტომობილო გზის პრობლემური ნაწილის მოდერნიზება ნამდვილი ხსნა იქნება. ამის შესახებ „Sputnik-სომხეთს" ლოგისტიკური კომპანია „სატის" დირექტორმა მაკარ არაქელიანმა განუცხადა.

საქართველოდან სომხეთში ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ერევანში განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ გამოავლინა საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიმავალი კობი-გუდაურის გზის ყველაზე მოწყვლადი მონაკვეთის, მათ შორის, ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მოდერნიზების მიზნით გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებული.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მშენებლობა შესაძლებელს გახდის თბილისიდან „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტამდე მანძილის ერთი საათით შემცირებას, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 22,7-კილომეტრიანი მოასფალტებული გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის, მათ შორის, ცხრაკილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბს ჯვრის უღელტეხილზე გაიყვანენ – სოფელ წკერედან სოფელ კობამდე. ეს საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი იქნება.

პროექტის ღირებულებაა 3,5 მილიარდი დოლარი. ჯერ არ არის ცნობილი, როდის იქნება ის სრულად რეალიზებული.

„აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია გადამზიდავებისთვის, რადგან ჩვენ მუდმივად ვაწყდებით სერიოზულ პრობლემებს. ეს გზის ყველაზე მოწყვლადი მონაკვეთია", – განაცხადა არაქელიანმა.

„დიდი პოტენციალი“ - მაია ცქიტიშვილმა სომხეთში გამართული შეხვედრები შეაჯამა

მან ხაზი გაუსვა, რომ გზის ეს მონაკვეთი, სადაც ხშირია ზვავები, დღეების, ზოგჯერ კი თვეების განმავლობაში წვიმებისა და ზვავების გამო იკეტება. მოდერნიზების შემდეგ გადამზიდები იმოძრავებენ გვირაბში, რომლის ფუნქციონირებაც არ იქნება დამოკიდებული ამინდის ჭირვეულობაზე.

არაქელიანის განცხადებით, იყო დრო, როდესაც კობი-გუდაურის გზა 30 დღეზე მეტი ხნით იკეტებოდა.

თუმცა, სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია „ზემო ლარსის" მოდერნიზებაც. დღეს მისი გამტარუნარიანობა დაბალია: იგი ყოველდღიურად ემსახურება დაახლოებით 4 ათას ადამიანს და 200-მდე ფურას. ადრე „ზემო ლარსის" გზა სათადარიგო იყო და მანამ, სანამ ძირითადი გამტარი პუნქტი გახდებოდა, ნოემბრიდან აპრილამდე იკეტებოდა ხოლმე.

ფაშინიანმა მოსკოვსა და თბილისს პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა>>>

ამ ეტაპზე კი, იმის გამო, რომ „ზემო ლარსის" ალტერნატიული მარშრუტები დაკეტილია, მთელი დატვირთვა სწორედ ამ გამშვებ პუნქტზე მოდის. ამგვარად, ყოველდღიურად მებაჟეებს უწევთ 15 ათასამდე ადამიანის მომსახურება.

არაქელიანმა ხაზი გაუსვა, რომ გვირაბის მშენებლობისა და გზის მოდერნიზების პროექტის რეალიზების შემთხვევაში ყველა გადამზიდი მოგებული დარჩება.

„თუ ეს საკითხიც მოგვარდება, აღარაფერზე დავიჩივლებთ", – აღნიშნა არაქელიანმა.

ალტერნატიული მარშრუტის სახით იხილება საზღვაო მიმოსვლა, კერძოდ, გადაზიდვის მულტიმოდალური მეთოდი, რომელიც მოიცავს ტვირთის ტრანსპორტირებას კონტეინერებით ნოვოროსიისკის პორტიდან ფოთის პორტამდე, შემდეგ კი სომხეთში რკინიგზით.