ხელოვნების ფესტივალი-ბაზრობა „არგანი" ბათუმში აგვისტოში გაიმართება

საკურორტო ქალაქის მცხოვრებლებსა და სტუმრებს სამდღიანი გასართობი პროგრამა ელოდებათ.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ხელოვნების რიგით მეოთხე ფესტივალი-ბაზრობა „არგანი" (Batumi ArtFest ARGANI), რომელიც, ტრადიციულად, აერთიანებს მხატვრებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებსა და სხვა შემოქმედებით ადამიანებს, ბათუმში 17-19 აგვისტოს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

ბათუმში საკურორტო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით დაიწყო ფესტივალი „ზაფხული იწყება აქ“

ფესტივალი ბათუმის ცენტრალურ პარკში ჩატარდება და მის პროგრამაშია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების დიდი ბაზრობა-გაყიდვა.

ფესტივალის სტუმრები შეძლებენ ორიგინალური საავტორო სამკაულების, თემატური სუვენირების, სურათებისა და ხელოვნების ნიმუშების, ასევე ავეჯის დათვალიერებას და შეძენას.

პარკის ტერიტორიაზე იმოქმედებს საბავშვო ზონა სპორტული და კულტურული ღონისძიებით, ასევე კვების ზონა. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალი წელს უფრო მასშტაბური იქნება. ფესტივალზე ელოდებიან ხელოვნების ყველა სფეროს წარმომადგენლებს, ისინი არ შეიზღუდებიან შემოქმედებით რეალიზაციაში. ფესტივალის პროგრამა ჩამოყალიბების პროცესშია და თვის ბოლომდე გამოცხადდება.

წელს ფესტივალი Batumi ArtFest ARGANI ჩატარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ სპეციალური ფორმის შევსებით. ამჟამად ბაზრობაში მონაწილეობის განაცხადი უკვე 40-მა ოსტატმა შეავსო.