საქართველოში სამთო მომზადების კურსი მიმდინარეობს

სამხედრო მოსამსახურეები ეუფლებიან კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვების კურსს, მდინარის გადალახვის ტექნიკას.
Sputnik

თბილისი, 1 ივლისი – Sputnik. პოლკოვნიკ ბესო ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უცხოელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი ტარდება, რომელშიც ცხრა ქვეყანა მონაწილეობს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამთო მომზადების კურსში მონაწილეობას იღებს 40 სამხედრო მოსამსახურე აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან.

გუდაურში სამთო მომზადების კურსი წარმატებით დასრულდა

კურსის მონაწილეები საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებთან ერთად. სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვების, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის, ფიქსირებულ თოკზე ასვლის, მთიან რელიეფზე გადაადგილების, სამთო კვანძების გამოყენებისა და მდინარის გადალახვის ტექნიკას ეუფლებიან.

საზაფხულო კურსის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები ასევე სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს ეცნობიან.

სწავლების დასასრულს უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებსა და სამკერდე ნიშნებს მიიღებენ. სამთო მომზადების საზაფხულო საბაზო კურსი 16 ივნისს დაიწყო და 5 ივლისს დასრულდება.