უნიკალური აღმოჩენა: ლაგოდეხში მეათე საუკუნის ქართული წარწერა გამოავლინეს

ქოჩალოს ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია  2006 წლიდან აქვს მინიჭებული
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ქოჩალოს ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა აღმოაჩინეს, ნათქვამია  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნიკალური აღმოჩენა: ლაგოდეხში მეათე საუკუნის ქართული წარწერა გამოავლინეს

სააგენტოს ინფორმაცით, ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისთვის მიწების შეწირვის შესახებ გვიამბობს.

უნიკალური აღმოჩენა: ლაგოდეხში მეათე საუკუნის ქართული წარწერა გამოავლინეს

„წარწერაში ჰერეთის მეფე ადარნასე და დედოფალი დინარია ხსენებული. დღემდე მხოლოდ ნარატიული წყაროებით ცნობილი მეფე-დედოფალის მოხსენიების გარდა, უნიკალური აღმოჩენის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარწერაში აღნიშნული საქართველოს ისტორიისთვის ამ დრომდე უცნობი რამდენიმე მმართველის სახელი და ისტორიული ჰერეთის უცნობი ტოპონიმი განსაზღვრავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, წარწერა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, მისი სრულყოფილი პალეოგრაფიული შესწავლა  მომდევნო კვირაში გაგრძელდება და ანგარიშის სახით გამოქვეყნდება.

უძველესი ეკლესია და არტეფაქტები: არქეოლოგების ახალი აღმოჩენა აჭარაში

საეკლესიო წარწერის სამეცნიერო კვლევის მიზნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ლაგოდეხს უახლოეს დღეებში კიდევ ეწვევა, სადაც ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წინასარეაბილიტაციო მოსამზადებელი ეტაპის გაწმენდით პროცესს ფონდი „ლაგოდეხის ქომაგი“ ადგილობრივი მცხოვრებლების შემოწირულობებისა და მოხალისეთა ენთუზიაზმის საფუძველზე ახორციელებს.

ქოჩალოს ეკლესია VI-VII საუკუნეებით თარიღდება და ორნავიან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. ახლად გამოვლენილი წარწერის მიხედვით, მე - 10 საუკუნის ბოლოსთვის ის მონასტერი უნდა ყოფილიყო. 1614-1617 წლებში კახეთში სპარსეთის შაჰის - აბას I–ის ლაშქრობების შემდეგ ლაგოდეხი გაუდაბურდა, რამაც ისტორიული მეხსიერების გაქრობაც განაპირობა. სავარაუდოდ, ქოჩალოს ეკლესია ამ პერიოდიდანაა განადგურებული და უმოქმედო. ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის კატეგორია ეკლესიას 2006 წლიდან აქვს მინიჭებული.