საქართველო და ბელარუსი სპორტის საკითხში ითანამშრომლებენ

პროგრამის მიზანია კომპლექსური ღონისძიებების ერთობლივად განხორციელება
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი - Spuntik. საქართველომ და ბელარუსმა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქვეყნებს შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას ხელი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა სერგეი კოვალჩუკმა  მოაწერეს.

მინსკი და თბილისი განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალ დონეზე გადადიან

პროგრამის მიზანია კომპლექსური ღონისძიებების ერთობლივად განხორციელება, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისთვის მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადების სისტემის გაუმჯობესება და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბაზების ეფექტიანი გამოყენება.

პროგრამის განხორციელება ასევე ითვალისწინებს ორი ქვეყნის სპორტული ორგანიზაციების, სპორტული პროფილის მქონე სასწავლო დაწესებულებებსა და სპორტის დარგში სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრებს შორის თანამშრომლობას ტოკიოს 2020 წლის XXXII ზაფხულის ოლიმპიური და პეკინის XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშების სპორტის სახეობებში გუნდების მოსამზადებლად.

ხელმოწერის ცერემონიამდე მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ ოლიმპიური კომპლექსი დაათვალიერეს და შიდა ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპულ თამაშებზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს>>

მიხეილ ბატიაშვილი ოფიციალური ვიზიტით მინსკში იმყოფება. ვიზიტის ფარლებში ის თავის კოლეგა იგორ კარპენკოს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის განათლებისა და სპორტის სფეროში ძალიან მჭიდრო ურთიერთობები არსებობდა და ასე იქნება მომავალშიც.

საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წელს დაამყარეს. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს პირდაპირი ავიარეისები აკავშირებს. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წელს თბილისში გაიხსნა ბელარუსის საელჩო.