დიდი საღვთო ომი დევებთან: ამბავი იახსარისა და კოპალასი

იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ წარმართულ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ ქალებს, ჭამდნენ ბავშვებს.
Sputnik

ძველქართულ მითოლოგიაში საკმაოზე მეტი ღვთაებაა, ხშირად ეს ღვთაებები სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული სახელებით გვხვდება, ამიტომ ცოტა რთულდება მათ შესახებ ერთიანი ინფორმაციის დადგენა.

უაღრესად საინტერესო მოვლენაა გიორგის სახელით ცნობილი მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წმინდა გიორგისთან იდენტიფიცირდება. გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმად, იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელი და თავისი ყოველწლიური სიკვდილითა და აღდგომით, განასახიერებდა ბუნების კვდომასა და აღორძინებას. 

უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ამ მითებმა ტრანსფორმაცია განიცადა და ჩამოყალიბდა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი გაიბნა, ტაძრები აშენდა.

სამყაროს შექმნის ძველქართული ვერსია: ვინ შექმნა ქალი

მრავალ ისტორიულ წყაროში დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა.

ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება – ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი), აქედან მოდის ხახმატის გიორგი- იგივე ნაღვართმშვენიერი და ლომისის გიორგი.

აღმოსავლეთ საქართველოში ერთ−ერთ ყველაზე ძლიერ ღვთისშვილად ისტორიულ ფხოვში მცხოვრები, მორიგე ღმერთის შვილი იახსარი მიიჩნეოდა. დანარჩენი ღვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც ათასწლეულების წინ სვეტის სახით წარმოდგებოდა, ხოლო ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად, დაახლოებით მე-13 საუკუნიდან, ხალხის წარმოდგენაში ჯვრის სახით დამკვიდრდა. 

იახსარს უფლება ჰქონდა, მორიგე ღმერთთან პირისპირ წარმდგარიყო და სათხოვარი გადაეცა. მას თაყვანს სცემდნენ როგორც ბოროტ ძალებთან — დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვებთან მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავდა ყველა ადამიანს დედამიწაზე, ვინც კი შველას ითხოვდა.

ფშავ-ხევსურეთიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო იახსარის კულტი გავრცელდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში — თუშეთში, მთიულეთში, ერწო-თიანეთში, გუდამაყარსა და სხვა რაიონებში.

იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ წარმართულ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ ქალებს, ჭამდნენ ბავშვებს. შეწუხებული მთიულები თავად რომ ვერაფერს გახდნენ უმეტესი ძალის მქონე არსებებთან, დახმარება მორიგე ღმერთს შესთხოვეს.

დევებთან და ქაჯებთან მეომარი გმირები, ანუ უძველესი ქართული ღვთაებები

მამა ღმერთმა სათათბიროდ შეკრიბა ღვთისშვილნი. გადაწყდა, რომ ადამიანებს აუცილებლად უნდა დახმარებოდნენ ბოროტი ძალების განდევნაში. ამ საღვთო ბრძოლას აუცილებლად სჭირდებოდა წინამძღოლი, ამიტომ ღმერთმა ღვთისშვილთა შორის დიდი შეჯიბრი მოაწყო საუკეთესოთა გამოსავლენად. შეჯიბრში დიდებულმა იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ღმერთმა დაადგინა კიდეც ლაშქრობის მეთაურებად.

მათ შეძლეს და გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს დევთა შორის უმძლავრესი გოლიათები — მუზა და ბეღელა. დევები მიხვდნენ, რომ ღვთიშვილთა მომრევები არ იყვნენ, ამიტომ სამუდამოდ დატოვეს მათი სამყოფელი და ქვესკნელს მიაშურეს.

თუმცა, სავარაუდოდ, ეს არ იყო ერთადერთი დიდი ომი ბოროტ ძალებთან. არსებობს კიდევ ბევრი ლეგენდა და საქართველოს ყველა მხარეში დევებთან ბრძოლები კიდევ მრავლად გვხვდება როგორც მთიანეთში, ისე კოლხეთის დაბლობზე.

იგივე იახსართან მიმართებაში, მაგალითად, ერთი გადმოცემით, ნინახში ყოფილა იახსარის სამლოცველო. აქ დარაჯობდა დიდსა და მდიდარ დევს — გამხვეურას, რომელიც გამხველთკარში სახლობდა. ფშავში, შუაფხოდან სულ ორიოდ ნაბიჯში, დევებს ფაცერი ჰქონდათ გაბმული და არაგვის ჭალაზე გამვლელ ხალხს იჭერდნენ და ჭამდნენ. დევები ისე მომძლავრდნენ რომ ავისგორშიც მოინდომეს დასახლება და სოფლის შენებაც დაიწყეს.

ეს რომ იახსარმა გაიგო, განრისხდა და ავისგორს ზუსტად მაშინ მიადგა, როცა 9 დევი კარისთავის დადებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ერეოდნენ. იახსარმა აიკეცა კალთები, დაავლო ხელი ქვას და მარტომ შეაგდო. ამის შემხედვარე დევები შეშინდნენ და გაიქცნენ. იახსარმა გაქცეულებს კარისთავის უზარმაზარი ქვა ესროლა და დევების სოფელიც დაანგრია.

ძნელი სათქმელია, ეს დიდი ბრძოლის მერე მოხდა თუ მანამდე. როგორც მოგახსენეთ, იახსართან ერთად ამ დიდ ბრძოლას კოპალაც მეთაურობდა. დროთა განმავლობაში კოპალას და იახსარს ცალ-ცალკე კი აღარ უშენებდნენ სალოცავს, არამედ ორივეს სახელზე ერთი სალოცავი შენდებოდა. კოპალას კულტი იახსარზე არანაკლებ საინტერესოა და მის შესახებ ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ბევრი ლეგენდაა შემორჩენილი, რომელთა შესახებაც უკვე მომდევნო წერილებში მოგითხრობთ.