თბილისი, 28 ივნისი - Spuntik. განსხვავებული პოზიციის გამო უმრავლესობის დატოვების ან სხვა საკადრო ცვლილების საკითხი საპარლამეტო უმრავლესობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში არ დამდგარა, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 26 ივნისს შეუჩერა, მარიამ ჯაში ერთ-ერთი ის დეპუტატი იყო, რომელმაც ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა, კერძოდ, ჯაშმა კენჭისყრაზე რეგისტრაცია არ გაიარა. მის გარდა, საკითხს მხარი არ დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა – ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, რომან კაკულიამ.
ნიკა მელიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს >>
გასაჯაროებული სიის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიასაც არ მიიუღია კენჭისყრაში მონაწილეობა. თუმცა, დეპუტატმა მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, რომ მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში და ხმა მისცა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების − პატიმრობის შეფარდების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის საკითხს, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო ეს კენჭისყრის შედეგში არ აისახა. ასევე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია დეპუტატ მირიან წიკლაურს. თუმცა, მისი განცხადებითაც, მან მონაწილეობა მიიღო კენჭისყრის პროცედურაში, თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, კენჭისყრის შედეგში არ აისახა.
„პრაქტიკულად, ჩემთვის რა მოლოდინიც მქონდა ჩემი კოლეგებისგან, ის გამართლდა. მიმდინარეობდა მსჯელობა გადაწყვეტილებების საფუძვლებზე. რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას ან რამე სხვა საკადრო ცვლილებას, ეს საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღევანდელ დღის წესრიგში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, სხდომაზე ძირითადი აქცენტი მიმდინარე მოვლენების განხილვაზე გაკეთდა.
„უბრალოდ საინტერესო იყო იმ აზრთა გაცვლა, რომელმაც განსხვავებული აზრის მხარდაჭერა გამოიწვია. შესაბამისად, ჩვენ ძირითადი აქცენტი დავუთმეთ არა განსხვავებული აზრის განხილვას, არამედ მიმდინარე მოვლენებს. ჩემი მხრიდან აბსოლუტურად არ ყოფილა საჭირო დამატებითი არგუმენტების მიწოდება. იყო მსჯელობა ზოგადად პროცესზე. საკმაოდ ზედაპირულად და მოკლედ მოხდა ამ საკითხზე მსჯელობა“, – აღნიშნა დეპუტატმა.
გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურორის თქმით, დეპუტატის ბრალეულობას ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები ამტკიცებს.
საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.