საფრანგეთიდან საქართველოს 13 მოქალაქე გამოაძევეს

ტულუზა-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს ის მოქალაქეები დაბრუნდნენ, რომლებიც აღარ აკმაყოფილებდნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის პირობებს.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი - Spuntik. საფრანგეთიდან „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ჩარტერული ავიარეისით საქართველოს 13 მოქალაქე, 5 ოჯახი დაბრუნდა, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

ტულუზა-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს ის მოქალაქეები დაბრუნდნენ, რომლებიც აღარ აკმაყოფილებდნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის პირობებს.

სლოვენიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიტანა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს სლოვენიამ, კვიპროსმა, ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, ჩეხეთმა და დანიამ. ამ ქვეყნების რიცხვში ასევე შედის ისრაელი.უსაფრთხო ქვეყნების ოფიციალური სია ევროკავშირის მხოლოდ 20 წევრ ქვეყანას გააჩნია.

ამ ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტების განხორციელების უფლება აქვთ. ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო და სასწავლო მიზნით გამგზავრებისათვის ისევ საჭიროა ვიზის აღება.

უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ და საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს.

კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

საქართველოს ხელისუფლებამ არალეგალური მიგრაციის აღკვეთის მიზნით გარკვეული ზომები უკვე მიიღო. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.

გარდა ამისა, პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდეს.