სტიქია კახეთში: ვის აუნაზღაურდება სეტყვისგან მიყენებული ზარალი

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამინისტროში ამ ეტაპზე შესულია 1,2 ათასზე მეტი შეტყობინება. ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს.

კახეთში სტიქიისგან დაზარალებულ გლეხებს კრედიტებს გადაუვადებენ

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროგრამაში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. 

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში - არაუმეტეს 30 ჰა) ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ასევე ნებისმიერ იმ ბენეფიციარს, რომელიც ფლობს უფრო მეტ მიწის ფართობს, 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაზღვევისას. 

აგროდაზღვევის ბენეფიციარებს კახეთში მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ>>

უწყების ცნობით, 2019 წლის ივნისის თვის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 11 ათასზე მეტი პოლისი, პროგრამაში კი ჩართულია 6 ათასამდე ბენეფიციარი. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. დაზღვეულია 11,520 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება ჯამში 104 მლნ ლარს აღემატება.