ოქრუაშვილსა და „მასტერას“ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკითხავენ

ბრალდების მხარეს ასევე დაგეგმილი აქვს საქმის გამომძიებლების დაკითხვა.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხავენ, იუწყება პირველი არხი.

ბრალდების მხარეს ასევე დაგეგმილი აქვს საქმის გამომძიებლების დაკითხვა.

როდის დაიწყება პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმის განხილვა სასამართლოში?>>

კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლო სხდომაზე დაკითხავენ იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლითაც ის 2007 წელს, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ერთ-ერთ ტელევიზიაში გამოვიდა. ოქრუაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ მინისტრობის პერიოდში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მოცილება დაავალა.

პასუხგაუცემელი კითხვა: მოკლეს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი

„მან პირდაპირ მკითხა, რას ფიქრობ იმაზე, რომ ჩვენი მთავარი საფრთხე მოვიცილოთ... არ მითქვამს მისთვის არც დადებითი, არც უარყოფითი პასუხი... მივხვდი, რომ ეს იყო ხაფანგი და თუ მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და ამ დავალებას შევასრულებდი, მეორე დღეს მეც მომიცილებდა. ეს პიროვნება გახლდათ პატარკაციშვილი და კონკრეტული მაგალითი დამისახელა პრეზიდენტმა მისი მოცილებისა, კონკრეტულ სიტყვებს ვამბობ – „ის უნდა მოვიცილოთ როგორც მოიცილეს რაფიკ ჰარირი”. ეს გახლდათ ლიბანის პრეზიდენტი, რომელიც ააფეთქეს საკუთარ მანქანაში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა 2007 წელს.

რაც შეეხება გია დგებუაძეს, ერთ-ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელიც ბრალდების მხარის მიერ არის წარმოდგენილი, ის მონაწილეობდა თათბირში, სადაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობენ. ასევე არსებობს მეორე ჩანაწერი, სადაც დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ბიზნესმენის მზარეულების სიას და მის სასახლეში კამერების განლაგებას სთხოვს.

პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო

პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოში, ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ-იარდმა მისი სწრაფი სიკვდილი საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით, ექსპერტიზის საფუძველზე მიზეზად გულის იშემიური დაავადება დაასახელა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმე საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. პროკურატურა არ უარყოფს მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ამასთანავე ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიგეგმა მისი მკვლელობა. აღნიშნულის მტკიცების საფუძველი გახდა 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიოჩანაწერები, რომელიც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში სხვა ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის დაკავებისას აღმოაჩინა.

საქართველო პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს ლონდონისგან ორი წელი ელოდება>>

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამ ყოფილ თანამშრომელს - გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, და ლევან ქარდავას.