ექს–დეპუტატი: რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ოპოზიციას უნდა

ლევან პირველის განცხადებით, რუსოფობია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას მიზნად მხოლოდ ოპოზიცია ისახავს და არა ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ლევან პირველმა მოსკოვში კონფერენციაზე „თბილისური მაიდანი: გამეორდება თუ არა საქართველოში უკრაინული სცენარი“.

საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. კერძოდ, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა. პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე აკრძალვა დაუწესდათ ქართულ ავიაკომპანიებსაც. 

რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო

„რატომ უნდა ყველას რუსოფობიის ტრენდის შემოღება? ასე დაკომპლექსება შეიძლება, რომ არავის ვუყვარვართ. ის, რომ არის ოპოზიცია, რომელსაც აქვს პოლიტიკური ამოცანა, დაანგრიოს ყველა კავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის – ეს ფაქტია, რომელსაც თავადვე ადასტურებენ. საქართველოს ამჟამად ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არ უჭერს მხარს რუსოფობიულ განწყობას, ის მუხრუჭით აკავებს ვითარებას. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ძალიან სუსტი ხელისუფლებაა და უცნობია, რამდენ ხანს გაუძლებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პირველმა.

ექს–დეპუტატის თქმით, რუსოფობია ქართველი ხალხისთვის მიუღებელია.

„ქართველ ხალხთან მიმართებით სიტყვა „რუსოფობია“ მიუღებელია, რადგან რუსოფობია და საერთოდ, რამე ფობია – ეს, როდესაც ერთ ხალხს არ უყვარს მეორე ხალხი და შენ ეროვნულ დისკომფორტს გრძნობ... რუსოფობია, როგორც ასეთი, საქართველოში არ არის და არც შეიძლება იყოს“, – აღნიშნა პირველმა.

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 20–21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია.