ახალი სისხლი პარლამენტში: კახაძე ახალი დეპუტატი გახდა

განათლებით ექიმი მეორე ცდაზე დეპუტატი გახდა
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად აღიარა ვლადიმერ (ლადო) კახაძის სადეპუტატო უფლებამოსილება, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრიდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს 87-მა დეპუტატმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კახაძეს უფლებამოსილების აღიარება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ივანიშვილის საგანგებო განცხადება

კახაძე თავისი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგა.

ცესკოს მონაცემებით, კახაძეს ამომრჩევლების 61,83%-მა (10 749 ადამიანი) მისცა ხმა. რაც შეეხება მის კონკურენტს, შალვა შავგულიძეს, რომელიც კენჭს ოპოზიციური გაერთიანება „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან" იყრიდა, მან 38,17% (6 635 ხმა) მიიღო.

არჩევნებზე ამომრჩეველთა 41,23%, ანუ 18 121 ამომრჩეველი მივიდა (პირველ ტურში – მხოლოდ 34%).

ახალი დეპუტატი

არჩევნების შედეგად კახაძე პარლამენტის რიგით 150-ე დეპუტატი გახდა. ადრე ეს მანდატი სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება

65 წლის ლადო კახაძისთვის ეს არჩევნები დეპუტატის ადგილის დაკავების მეორე, ამჯერად წარმატებული მცდელობაა. პირველად ის 2016 წელს პარტიიდან „სახელმწიფო ხალხისთვის" ისევ მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს, თუმცა, უშედეგოდ.

მას დიდი გამოცდილება აქვს მედიცინაში და მცირე – პოლიტიკაში.

შესაძლოა, ბევრს არ ახსოვს, მაგრამ კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობდა, მაგრამ ბევრს ახსოვს ის და ბევრი რამ სმენიათ მასზე, როგორც ექიმზე.

შალვა შავგულიძე ლადო კახაძეს გამარჯვებას არ ულოცავს

კახაძე მთელი ცხოვრება მედიცინის სფეროში მოღვაწეობს. მუშაობდა ექიმად სხვადასხვა კლინიკაში. ბოლო დროს კონსულტანტის პოზიცია ეკავა ოფთალმოლოგიურ კლინიკა „მზერაში". მანამდე მუშაობდა კონსულტანტად სადაზღვევო კომპანია „ალდაგსა" და სამედიცინო კომპანია Oxford Medical Georgia-ში.

კახაძე არის „საქართველოს კრიმინოლოგიური აკადემიის" საპატიო აკადემიკოსი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

კახაძე 2018 წელს თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.