Руссо туристо, ანუ საფინანსო ბაზარზე პანიკაა! Ферштейн?

რა ხდება საფინანსო ბაზარზე, რატომ მიექანება ეროვნული ვალუტა ფსკერისკენ მაშინაც, როცა ძირითადი ეკონომიკური ფაქტორები არ გაუარესებულა, რა იქნება მომდევნო ნიშნული და გადალახავს თუ არა ლარი ე.წ. ფსიქოლოგიურ ბარიერს?
Sputnik

სამსონ ხონელი

ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა. ლარმა გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. არავინ იცის როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი და საბოლოოდ, რა ნიშნულზე დაფიქსირდება ლარის ანტირეკორდი... რაც მთავარია, გადალახავს თუ არა ის ე.წ. ფსიქოლოგიურ ბარიერს, რის მერეც 1 ამერიკული დოლარის შეძენა შესაძლებელი იქნება 3 ლარად და... დამეთანხმებით, რომ დღევანდელი გადასახედიდან თეთრების რაოდენობა ჯერ არ არის აქტუალური. საინტერესოა, რა ხდება ფინანსურ ბაზარზე, რატომ მიექანება ეროვნული ვალუტა ფსკერისკენ მაშინაც, როცა ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორები არ გაუარესებულა...

პოლიტიკური „ზერო“... ანუ ყველანი სალაყბოში და არავინ გარეთ!

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ქვეყნის მთავარი ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა ის ფუნდამენტური ზემოქმედების ფაქტორი, რამაც შეიძლება ლარის კურსზე გავლენა იქონიოს, გაუმჯობესებულია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

პირველი − საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი 7 პროცენტით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 14.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა 3.6 პროცენტით. შედეგად კი 2019 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ამავე პერიოდისგან განსხვავებით, ქვეყნიდან 314 მილიონი ამერიკული დოლარით ნაკლები გავიდა. მეორე − ფულადი გზავნილების მოცულობა გაზარდა 8.4 პროცენტით. მესამე − ტურიზმიდან შემოსავლებმა 18 პროცენტით მოიმატა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.3 პროცენტით შემცირდა. ანალიტიკოსების შეფასებებით, კლების ძირითადი მიზეზი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებაა, რაც გასულ წლებში უცხოური ინვესტიციების შემოდინების სტაბილური მიმართულება იყო. ეს ის რეალობაა, სადაც კარგად ჩანს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაკროეკონომიკური ფაქტორები პრაქტიკულად არ არსებობს...

გაბრაზებული ხალხი და პოლიტიკის მძევალი ეკონომიკა...

კიდევ ერთხელ დავსვამ კითხვას, რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი? ჯერ ჩემეულ ხედვას გაგაცნობთ, შემდეგ ანალიტიკოსებისა და სპეციალისტების მოსაზრებებს მოვიშველიებ. არ არის უცხო, რომ პოლიტიკური დაძაბულობების შემთხვევაში, საფინანსო ბაზარზე გაურკვევლობა წარმოიქმნება. ასეთ დროს ფიზიკური და იურიდიული პირები უცხოური ვალუტის შესყიდვას იწყებენ მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ამის საჭიროება. ლარის გაუფასურების მოლოდინით დოლარზე მოთხოვნა იზრდება. ეს კი პირდაპირ აისახება ეროვნული ვალუტის კურსზე. უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული თუ ფიზიკური პირები თავიანთი ქმედებით არა თუ ვერ აზღვევენ მომავალში სავალუტო რისკებს, არამედ სწორედ ამით ახდენენ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ხელოვნურ სტიმულირებას და უარყოფითი მოლოდინების ფორმირებას. საფინანსო ბაზარზე იწყება პანიკა. სამწუხაროდ, პოლიტიკური არასტაბილურობის ფასიც ეს არის გარკვეულწილად!

ამ ფასს გადახდა უნდა. ეს კი მათ ნაკლებად მოუწევთ, ვინც ამ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ხელს უწყობს და მღვრიე წყალში ოქროს თევზის დაჭერას ცდილობს. მე პოლიტიკურ ფასზე არ ვსაუბრობ... ესეც ჩვენი სამწუხარო რეალობაა.

ამნისტია და გამკაცრებული პასუხისმგებლობა... ანუ შენების ახალი წესები...

ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის ნახტომისებურ გაუფასურებას დღეს ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებითა და რუსეთის მხრიდან ტურისტული ემბარგოს დაანონსებით ხსნის. მათივე შეფასებით, ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო არ არის... მთავარი ამოცანაა სავალუტო ბაზარზე პანიკა დაცხრეს და ეროვნული ვალუტის კურსი განსაზღვროს არა შიშმა და პესიმისტურმა მოლოდინებმა, არამედ ძირითადმა ეკონომიკურმა ფაქტორებმა.

ფინანსისტი ვასილ რევიშვილი: „შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ლარს სჭირს ის, რაც უნდა სჭირდეს... ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის ინტერვენციები საჭირო არ არის, ვინაიდან ძირითადი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არ გაუარესებულა. ამავე დროს როგორმე უნდა შეჩერედეს უცხოური ვალუტის ძალიან გაცხარებული შესყიდვა, რასაც უკვე ვხედავთ...“  

ანალიტიკოსების ამ პოზიციას იზიარებენ სპეციალისტებიც. მათი შეფასებით, ლარის კურსის მერყეობა გამოწვეულია აჟიოტაჟით, ხოლო პროცესი მოკლევადიანია. 

ეკონომისტი გიორგი პაპავა: „კარგია, რომ ერვნულ ბანკს შევსებული აქვს რეზერვები და იმედია, დამატებითი შესყიდვები აღარ განხორციელდება. რაც შეეხება არსებულ ვითარებაში ქვეყნის მთავარი ბანკის ქმედებებს, ვფიქრობ, უნდა დააკვირდეს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი და ისე მიიღოს გადაწყვეტილება სავალუტო რეზერვების გამოყენების თაობაზე. ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. ლარის კურსი ჯერჯერობით არ ასახულა ინფლაციაზე...“

ცხოვრება ძვირდება! რამდენი უნდა იყოს საარსებო მინიმუმი?

სპეციალისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზი საფინანსო ბაზრზე პროცესების განვითარების პესიმისტურ გათვლებს უკავშირდება. 

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი: „არის მოლოდინი, რომ საქართველოში ნაკლები დოლარი შემოვა, უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. მოსახლეობაც და ფინანსური სექტორიც, შესაბამისად, ცდილობენ, რომ აქცენტი უფრო დოლარზე გააკეთონ და არა ლარზე, ანუ ელოდებიან, რომ ლარი გაუფასურდება და მიზეზი შეიძლება სწორედ ეს იყოს...“  

ამასობაში განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. მოკრძალებულად შევნიშნავ, რომ ლარის თავისუფლად ცურვის წინააღმდეგი არავინ არის, გულისწყრომას მისი ფსკერზე დაშვება იწვევს. კობა გვენეტაძის უწყება განმარტავს, რომ ლარის კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის არის მოლოდინებიც. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების შესახებ სავალუტო ბაზარზეც აისახა...

არჩევნების რეპეტიცია დასრულდა! შედგება თუ არა პრემიერა?

არა რა... „Руссо туристо − облико морале. Ферштейн?“... მაპატიეთ ეს ლირიული გადახვევა. მთავარი ბანკი მათაც პასუხობს, ვისაც სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია საჭიროდ მიაჩნია და აცხადებს, რომ ასეთ დროს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვა მხოლოდ გადაავადებს გაცვლითი კურსის კორექციას. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს შოკს და საბოლოო გაუფასურების მასშტაბიც გაცილებით დიდი იქნება. ბოლოს კი, მათთვის, ვისაც კრედიტის უცხოურ ვალუტაში აღების იდეა არ ასვენებს, კობა გვენეტაძის უწყება აფრთხილებს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან გაცვლითი კურსის მიმართ. ეროვნული ბანკი თავსაც იწონებს და მიგვანიშნებს კიდეც, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების ამოქმედება დროული გადაწყვეტილება იყო... სამწუხაროდ, სანუგეშო არაფერია ნათქვამი მათთვის, ვისაც უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტი უკვე ახრჩობს...