თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ქალთა შორის ეკატერინე გორგოძე (150-ე ნომერი WTA-ს რეიტინგით) „უიმბლდონის“ ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. ტურნირი სტარტს 1 ივლისს აიღებს.
მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გორგოძე შეხვდა ჰოლანდიელ არანტა რუსს (136) და ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 3:6. მატჩი თითქმის საათნახევარს გაგრძელდა.
რუსმა ქართველ ჩოგბურთელს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა. ჰოლანდიელს განსაკუთრებით კარგად ჩაწოდება გამოსდიოდა. თავის პირველ ჩაწოდებაზე მან ბურთების 69% მოიგო (გორგოძემ - 56%), ხოლო მეორე ჩაწოდებაზე - 63% (42).
რუსი დამაჯერებელი იყო ასევე გორგოძის ჩაწოდებაზე - საბოლოო ჯამში მან ოთხი ბრეიკი გააკეთა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის ჩაწოდების აღება მხოლოდ ერთხელ შეძლო.
ამგვარად, წელს „უიმბლდონის“ ტურნირზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი - ვაჟთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-16 ნომერი АТР-ს რეიტინგით) ეყოლება.
„უიმბლდონი“ – „დიდი სლემის“ სერიის სეზონის მესამე ტურნირია. წელს ის 1-14 ივლისს გაიმართება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.