პარლამენტში ხმაურია: დეპუტატები ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებიან.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე მსჯელობენ.

პარლამენტის წევრი ნიკა მელია საქართველოს პროკურატურამ ბრალის წასაყენებლად დღეს დაიბარა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 09:00 საათზე დაიწყო. მასზე დასწრების საშუალება თავად ნიკა მელიასაც აქვს, თუმცა ის სხდომაზე არ მისულა.

სხდომას პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

12:00 საათზე პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

სხდომის დაწყებამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, კომიტეტის სხდომა დილით ადრე დანიშნეს, რათა ნიკა მელია 12:00-13:00 საათისთვის უკვე დაიჭირონ.

პოლიტიკური „ზერო“... ანუ ყველანი სალაყბოში და არავინ გარეთ>>

უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს დამშვიდებისკენ მოუწოდეს.

კახიანი: შესაძლოა, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეს

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ მელია მართლმსაჯულებას დაემალოს, ასევე, რომ მან მოწმეებზე მოახდინოს გავლენა.

„გენერალური პროკურორი მოგმართავთ თხოვნით, გასცეთ თანხმობა ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა გულუაშვილმა.

როგორც საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა უფრო ადრე განმარტა, პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას - ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ აღკვეთის სხვა ღონისძიება.

„პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, ნიკანორ მელიას პატიმრობა შეეფარდოს თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება. პარლამენტი არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო. თუ მოხდა ისე, რომ პროკურატურამ მიმართა სასამართლოს და სასამართლომ მელიას პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ ამის შემდგომ პარლამენტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შეუჩერდება პარლამენტის წევრის იმუნიტეტი“, - განაცხადა კახიანმა.

ბახტაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოების გულწრფელი პროტესტით ისარგებლა

კომიტეტების სხდომის გამართვის მიზეზი ისაა, რომ პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

მელია: პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ>>

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.