ლარმა ანტირეკორდი დაამყარა – რა იქნება მომავალში?

მიუხედავად ლარის კურსის დაცემისა და რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან მოსალოდნელი დანაკარგებისა, ექსპერტები ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით ოპტიმიზმს ინარჩუნებენ.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8333 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია – ასე ქართული ეროვნული ვალუტა ჯერ არ დაცემულა. 

გაცვლითი კურსის მინიმალური ნიშნული აქამდე 2019 წლის 31 მაისს დაფიქსირდა – 2,8023 GEL/$1. მაისის დასაწყისიდან ლარის კურსი დოლარის მიმართ 3%-ით დაეცა.

ლარის კურსი და რუსი ტურისტები

ვალუტამ ისტორიულ მინიმუმს რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ მიაღწია, ნათქვამია ტელეგრამ–არზე „Sputnik–ახლო საზღვარგარეთი“.

რუსეთმა აკრძალა პირდაპირი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის. აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება. „როსპოტრებნადზორმა“ კი გააძლიერა ქართული ღვინის კონტროლი, უწყებამ განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან უხარისხო პროდუქციის მიწოდება ქვეყანაში 2,9-ჯერ გაიზარდა.

თუმცა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილური დარჩება.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია და, აქედან გამომდინარე, არაფერი მიგვანიშნებს, რომ გრძელვადიან გაუფასურებასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, მოკლევადიან რყევაზე არის საუბარი“, – განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, რუსი ტურისტების რაოდენობის სავარაუდო შემცირება ახალი გამოწვევაა, რომელიც ლარის კურსზე ჯერ ვერ აისახება.

ლარმა ანტირეკორდი დაამყარა – რა იქნება მომავალში?

„ჩვენ ვმუშაობთ კრიზისის განეიტრალებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

სპეციალისტების მოსაზრება

კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2019 წლის მეორე ნახევარში რუსი ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 47%-ით შემცირდება.

„მთლიანობაში, ტურიზმიდან შემოსავლების დანაკარგს 200 მილიონი დოლარის ოდენობით ვპროგნოზირებთ“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

Galt & Taggart–ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტურიზმიდან წლიური შემოსავალი მოსალოდნელი 3,6 მილიარდის ნაცვლად 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამავდროულად კომპანია ვარაუდობს, რომ ქართული ღვინის შეტანაზე რუსული ემბარგოს აღდგენის შემთხვევაში საქართველო 58 მილიონ დოლარს დაკარგავს.

რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო

რაც შეეხება ლარის კურსს, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ იქნება 2,7-2,75 GEL/$1, ხოლო 2020 წლისთვის 2,6 GEL/$1 ნიშნულამდე დავა.

„ასეთი პროგნოზი უკავშირდება ნეგატიურ მოლოდინებს და არა რუსული სანქციების დამატებით ზეწოლას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, კომპანიის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2019 წლის მეორე ნახევარში ის, შემოსავლების 260 მლნ დოლარის ოდენობით სავარაუდო დაკარგვის გამო, 4,3%-ს შეადგენს, ხოლო წელიწადში – 4,5%-ს, რადგან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ეკონომიკა 4,8%-ით გაიზარდა.

ბანკირებს ლარის გამყარებისა სჯერათ

საქართველოს უდიდესი ბანკის – TBC Bank-ის ანალიტიკოსებმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 4%-მდე შეამცირეს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი:შეუძლებელია ავუკრძალოთ ადამიანებს საქართველოში გამგზავრება

ისინი აღნიშნავენ, რომ ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე ტურისტების რიცხვის შემცირების მხრივ თურქული კრიზისის მხრიდან გავლენის შემცირებით გაწონასწორდება.

„მართალია, რუსეთიდან ტურისტების ასეთი მკვეთრი შემცირების ზეგავლენა ეკონომიკაზე დაახლოებით 1.5% უნდა იყოს, მაგრამ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დამაბალანსებელი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – აღნიშნულია ბანკის კვლევაში.

ექსპერტების შეფასებით, ლარი უკვე საკმარისად გაუფასურდა, ხოლო ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების დონე მაღალია.

ეროვნულმა ბანკმა ბოლო ექვს თვეში 216 მლნ დოლარი იყიდა. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში რყევები გამორიცხული არ არის. მაგრამ ТВС Bank-ი ლარის გამყარების საბოლოო პროგნოზს ინარჩუნებს.