ვინ და რატომ დაარბია გუდაურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია?

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ახალი ლოკაცია დღეს გახდება ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. გუდაურში ადგილობრივებმა ფესტივალ Mountain Set: Kazbegi-ს ტერიტორია დაარბიეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ყაზბეგში 28, 29 და 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო. 

სტეფანწმინდაში ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი იხსნება

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, დარბევის შედეგად დაშავებულია რამდენიმე თანამშრომელი, დაზიანებულია ინვენტარი და წაღებულია სამუშაო იარაღები.

„ვიზიტორების და, ზოგადად, ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომპრომისზე წავედით და ადგილობრივ პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა, შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოჩნდით“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ზარალი დაახლოებით 25 ათას ლარს აღწევს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ახალი ადგილი დღეს გახდება ცნობილი.

„დღეს, საღამოს გამოვაცხადებთ ფესტივალის ახალ ლოკაციას და სრულ ინფორმაციას. ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს. არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების (187-ე) მუხლებით დაიწყო.