თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის ბრალდებით სომხეთის მოქალაქის დაკავების შესახებ განაცხადა.
„ბასიანში“ 14 ახალგაზრდა მოიწამლა – ერთის მდგომარეობა კრიტიკულია >>
უწყების ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიების მონაცემებით, 25 ივნისს "დარიალის" გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა გააჩერეს ავტობუსი, რომელიც რუსეთიდან სომხეთში მიემართებოდა.
ბარგის შემოწმების შედეგად ე.წ. ჰოვერბორდში აღმოჩენილია 500 გრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება, სავარაუდოდ, კოკაინი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა", რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სომხური გადამზიდი კომპანია „ავაზარ ბუსის“ ავტობუსმა, რომელსაც მოსკოვიდან ერევანში 48 მგზავრი გადაჰყავდა, რუსეთ-საქართველოს საზღვარი ვერ გადაკვეთა და ის „ზემო ლარსის“ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ჩარჩა.
ორშაბათს ავტობუსმა, რომელიც მოსკოვიდან 22 ივნისს გამოვიდა, რუსეთის საზღვარი გადაკვეთა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა ის არ გაატარეს, ვინაიდან სალონში აკრძალული ნივთი აღმოაჩინეს.