რამდენი ადამიანი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან – სააპელაციო სასამართლოს ბრიფინგი

დღეს სააპელაციო სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა, სადაც საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაკავებულთა საჩივრების განხილვის შედეგები წარმოადგინეს.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. სააპელაციო სასამართლომ განიხილა 61 ადამიანის სააპელაციო საჩივარი, აქედან 55 პირი გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა მოსამართლემ ხატია არაზადიშვილმა განაცხადა.

20 ივნისს დაკავებულთა საქმე: სასამართლომ სომხეთის მოქალაქე გაათავისუფლა>>

მისი თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 61 პირის სააპელაციო საჩივარი იყო წარმოდგენილი. ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა შეამცირა განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი. სპიკერ–მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა საქმის წარმოება, ხოლო ზოგ შემთხვევაში – დაუშვებლად ცნო და განუხილველი დატოვა სააპელაციო საჩივარი.

„საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, 55 პირი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო ერთი პირი კი, რომელსაც შეუმცირდა ადმინისტრაციული სახდელი, დღეს დატოვებს დროებითი მოთავსების იზოლატორს“, – განაცხადა არაზადიშვილმა.

აქციის დროს დაკავებული ოთხი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. 

ოფიციალური მონაცემებით, თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.

აქციებზე, რომელიც ყოველდღე იმართება, მომიტინგეები რამდენიმე მოთხოვნას აყენებენ, მათ შორისაა აქციის დაშლის დროს დაკავებულების გათავისუფლება.