პროტესტის მეექვსე დღე: მუსიკა და კარვები პარლამენტთან

საპროტესტო აქცია დღეს დაგვიანებით დაიწყო
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. პროტესტის მეექვსე დღეს თბილისში პარლამენტთან სამი კარავი დაიდგა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

ძალაუფლების გადამეტება აქციის დაშლის დროს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო >>

ამ დროისთვის პარლამენტთან დაახლოებით 200 ადამიანია შეკრებილი - გაცილებით ნაკლები, ვიდრე წინა დღეებში იყო. 19:00 საათზე დაანონსებული აქცია ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. შეკრებილების წინაშე სიტყვით პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები გამოდიან.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

მომიტინგეები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ და პარლამენტში შეჭრა სცადეს. ამაზე საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი, დააკავეს 305 ადამიანი.

მეორე დღეს კობახიძე გადადგა, ხოლო მისი ადგილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაიკავა. მოგვიანებით ხელისუფლება კიდევ ერთ დათმობაზე წავიდა - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დასთანხმდა.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

პროტესტი საქართველოს დედაქალაქში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოყვა. პოლიტიკოსი საქართველოში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის 26-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. იგი ასამბლეის პრეზიდენტია.

გავრილოვი განმარტავს: რატომ აღმოვჩნდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში >>

ასამბლეის პირველი სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა გახსნა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. ამან ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია. ღონისძიება ჩაიშალა და დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები.

თავად გავრილოვმა განმარტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელზე ის დასვა ქართულმა მხარემ, „მსგავსი ღონისძიებების პროტოკოლის თანახმად“. პოლიტიკოსმა აღნიშნა ასევე, რომ ასეთი საპატიო ადგილი უკვე ჰქონდა დაკავებული სხვა ქვეყნებში და ამას პრობლემები არასდროს მოჰყოლია.

აქცია ქობულეთში: რას აპროტესტებენ მომიტინგეები

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დაწყებული არეულობა „ნაციონალური მოძრაობის აგრესიული მცდელობაა, რათა არიოს სიტუაცია ქვეყანაში“.

მოვლენები უფრო მკაცრად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ის რუსეთს „მტერს და ოკუპანტს“ უწოდებს. მისი თქმით, პროტესტები კრემლის მიერ არის მართული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვი აღშფოთებულია რადიკალების მოქმედებით, რომლებმაც თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის გენერალური ასამბლეის მუშაობა ჩაშალეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ „რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მართლმადიდებელ სახელმწიფოებს, თავისი ანტირუსული განწყობების გამოსახატავად“.