თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს უპასუხა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ქართველი ერი ტოლერანტი ერია, რომელსაც მასპინძლობა არასდროს შეშლია. ამასთან, თბილისის მერმა ტურიზმის წინსვლასა და განვითარებაზეც ისაუბრა.
აისახა თუ არა პუტინის ბრძანება ავიამიმოსვლის აკრძალვის შესახებ ქართულ სასტუმროებზე>>
„როგორც დედაქალაქის მერმა, ძალიან კარგად ვიცი, როგორ ვითარდებოდა ზოგადად ტურიზმი თბილისში. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ სექტორის წინსვლა და განვითარება, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში და ეს ტენდენცია მზარდი იყო“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში შენდებოდა სასტუმროები, ჩნდებოდა ჰოსტელები, კაფე-ბარები. ეს კი ძალიან ბევრ ადამიანს აძლევდა დასაქმების შესაძლებლობას და იყო მათი შემოსავლის წყარო.
„რა თქმა უნდა, რუსეთის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ, არის ძალიან ცუდი, სამწუხაროა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართველი ხალხი ეროვნული ნიშნით არანაირი ფობიებით არ გამოირჩევა არც ერთი ხალხის მიმართ და ამის დამადასტურებელია ის მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციები, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისში არეულობის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია არ გაყიდონ საგზურები საქართველოს მიმართულებით. მთავრობას რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაევალა. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელებაც.
ალტერნატივა: რა გზებით შეძლებენ რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას>>
კალაძემ ტურიტების უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველში თითოული ტურისტის უსაფრთხოება დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტისაც.
„ტურისტების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მათ შორის რუსი ტურისტების. მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, შეუძლიათ ჩამობრძანდნენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება ოკუპაციას გონიერებითა და განათლებით უნდა დაუპირისპირდეს და არა ემოციით, რომელიც ისევ მას დააზარალებს.
სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელის, შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, რუსი ტურისტების საქართველოში შემოყვანის მიზნით ბაქოს, ერევნისა და ტრაპიზონის აეროპორტებიდან უფასო ავტობუსები დაინიშნება.
მისი თქმით, წინასწარი გათვლებით, რუსული სანქციების შემდეგ ზარალმა სასტუმროების სფეროში საქართველოში, შესაძლოა, 2,1 მილიარდ ლარს მიაღწიოს.