ახალგაზრდა მხატვრის „მდგომარეობა“ და „ლამაზ-ქალაქი“, რომელსაც ის ეძებს

ხელოვნება მისთვის სულიერი მდგომარეობაა. მისი შემოქმედების მთავარ ნახატსაც ასე უწოდა - „მდგომარეობა“...
Sputnik

გიორგი ყვავაძე - ახალგაზრდა მხატვარი ქუთაისიდან. ხშირად იღებს მონაწილეობას ქუთაისელ მხატვართა ნამუშევრების გამოფენებში, რომელიც გალერეა „ვარლაში“ იმართება. მოხატული აქვს ტყიბულის ცენტრში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ოცნებობს ლამაზ-ქალაქზე, სადაც ყველა და ყველაფერი ხელოვნებით იქნებოდა გაჟღენთილი და სადაც, შესაბამისად, მხოლოდ ნათელი ფერები და ნათელი სულის ადამიანები იქნებოდა. ასეთ ქალაქს რეალურად ვერა, მაგრამ ნახატებში აშკარად „მიაგნო“...

ახალგაზრდა მხატვრის „მდგომარეობა“ და „ლამაზ-ქალაქი“, რომელსაც ის ეძებს

- გიორგი, ძველი სახლების სევდა - პირობითად ასე შეიძლება ვუწოდოთ თქვენი ნახატების ციკლს. როგორია ეს სევდა?

- მიყვარს ძველი სახლები, რომლებიც შეიძლება რამდენიმე წლის შემდეგ აღარ იყოს საინტერესო, ისინი გაფიქრებს. ალბათ ეს სევდაც აქედან მოდის. როგორია ის? - რთული ასახსნელია. ცხოვრების ერთფეროვანი დღეებისა და ამ სევდის გაფერადება შესაძლებელია იმ გარემოს შექმნით, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ. ჩემთვის ასეთი გარემო სახელოსნოშია, სადაც მეგობრებთან ერთად ვმუშაობ.

ახალგაზრდა მხატვრის „მდგომარეობა“ და „ლამაზ-ქალაქი“, რომელსაც ის ეძებს

- ხატვით რას გამოხატავთ?

- ხატვით საკუთარ თავს და სათქმელს გამოვხატავ. ერთი ჩემი მეგობარი ამბობს ხოლმე, ლაპარაკი და წერა რომ არ მეხერხება, ხატვა ამიტომ დავიწყეო, მეც ასე ვარ. მხატვრისთვის აუცილებელია, რომ ჰქონდეს საკუთარი ხელწერა, რაც მუშაობაში მოდის. მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და ძიების პროცესში ვარ, მთავარია მონდომება. დაკვეთებზეც მიწევს ხოლმე მუშაობა, მაგრამ ვცდილობ, რომ დრო ისე გავანაწილო, შემოქმედებას არ მოვწყდე.

ახალგაზრდა მხატვრის „მდგომარეობა“ და „ლამაზ-ქალაქი“, რომელსაც ის ეძებს

- რომელია ნახატი, რომლის თემაც დიდი ხანი გაწუხებდათ, მაგრამ მის ხატვას ვერ ბედავდით?

- ეგეთი რამ იდეაში მქონდა და უკვე დავხატე. იმ ნახატს „მდგომარეობა“ დავარქვი. აქ ზოგადად ადამიანის სულიერი მდგომარეობაა გადმოცემული. იმ ნახატზე გამოვსახე ორი მლოცველი ანგელოზი, ლეონადრო და ვინჩის „ანატომია“, მათ უკან სივრცე აჭედილი ფანჯრით და ვარსკვლავები ცაზე, როგორც კოსმოსის, გალაქტიკის თემა. ყველაფერი ამ სამი რამის გარშემო ტრიალებს. ჩემი ბოლო დროის სათქმელი ამ ნახატშია გამოსახული, ანუ ესაა ადამიანის სულიერი მდგომარეობა...

ახალგაზრდა მხატვრის „მდგომარეობა“ და „ლამაზ-ქალაქი“, რომელსაც ის ეძებს

- როგორი სულიერი მდგომარეობის დროს უფრო ხატავ - როცა გიხარია, თუ როცა გწყინს?

- როცა კარგ ხასიათზე ვარ, იმ მომენტში რაც მიხარია, იმას და ისე ვხატავ. ცუდ განწყობაზე ყოფნის დროს სულ სხვა თემებს ვირჩევ. ცუდი განწყობიდან თავად ხატვას გამოვყავარ. ზოგჯერ ფორმები არ არის არსებითი, შეიძლება ნატურმორტში ან პეიზაჟში არ იყოს სულიერი მდგომარეობა ასახული, მაგრამ ამას თავად ნატურმორტი გამოხატავდეს. მაგალითად, ვან გოგის „მზესუმზირებში“ განწყობა სწორედ საოცარი ფერების საშუალებით მოდის.

ახალგაზრდა მხატვრის „მდგომარეობა“ და „ლამაზ-ქალაქი“, რომელსაც ის ეძებს

- როგორია თქვენ წარმოსახვასა და ნახატებზე არსებული „ლამაზ-ქალაქი“?

- ლამაზ-ქალაქი უნდა იყოს ქალაქი-მუზეუმი, რომლის ქუჩებში ხელოვან ადამიანთა სხვადასხვა ნამუშევრები გამოიფინება, იქ ფანჯრებიდან მხოლოდ მუსიკის ხმები უნდა ისმოდეს, ანუ ხელოვნება უნდა დუღდეს. აქ უნდა ცხოვრობდეს ხალხი, რომლისთვისაც სიკეთე და სიყვარული ყველაფრის ამოსავალი იქნება. ალბათ ასეთ ლამაზ-ქალაქს ვეძებ სამყაროში...

ახალგაზრდა მხატვრის „მდგომარეობა“ და „ლამაზ-ქალაქი“, რომელსაც ის ეძებს

- რა არის თქვენთვის ხელოვნება?

- ხელოვნება სულიერი მდგომარეობაა, ის არის, რამაც ადამიანი მღვიმედან გამოიყვანა, განავითარა, ასწავლა აზროვნება და აქამდე მოიყვანა...