აქცია ქობულეთში: რას აპროტესტებენ მომიტინგეები

აქციის მონაწილეების განცხადებით, ტურისტული სეზონი ზღვისპირა ქალაქში ჩავარდა. ამაში მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაადანაშაულეს.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. ქობულეთში ტურისტულ სექტორში დასაქმებულებმა აქცია გამართეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ტურისტული სეზონი ზღვისპირა ქალაქში ჩავარდა. ამაში მათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პროვოცირება სწორედ ოპოზიციის წევრებმა განაპირობეს, რის გამოც რუსეთის ლიდერმა საქართველოში ფრენები აკრძალა. 

ალტერნატივა: რა გზებით შეძლებენ რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას

შეკრებილების თქმით, პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ქობულეთში, გარდა იმისა, რომ ასობით ჯავშანი გაუქმდა, რუსი ტურისტების ნაწილმაც დატოვა ქალაქი.

აქციის მონაწილეებს საბანკო დავალიანების მქონე პირებიც შეუერთდნენ და დახმარება ითხოვეს.

შეკრებილებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდნენ. ისინი აქციის მონაწილეებს დაპირდნენ, რომ ხელისუფლება კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვას უზრუნველყოფს.

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა. კერძოდ, 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.