20 ივნისის აქციის დაშლა: 18 წლის მაკო გომურს სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობას სთავაზობს

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. მაკო გომურს, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა, სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს შესთავაზებს, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა. 

„დათოს სისხლი თქვენ ხელზეა“ - ვინ არის ბიჭი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია

ხუთშაბათს 18 წლის მაკო გომური სამსახურის შემდეგ ღამით სახლში ბრუნდებოდა, როდესაც პარლამენტის შენობის წინ აქციის დარბევის დროს პოლიციელების ნასროლი ტყვია თვალში მოხვდა. გოგონას ექიმებმა თვალი ვერ შეუნარჩუნეს.

სოზარ სუბარმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქციაზე დაშავებულების ჯანმრთელობის აღდგენისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ძალიან მტკივა მათთან ერთად, ისევე, როგორც ძალიან მტკიცა სრულიად უცნობი ადამიანების ტკივილიც. შეიძლება ეს არ იყოს მათთვის ბოლომდე ნუგეში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთის საუკეთესო კლინიკებში, რომ მათი ჯანმრთელობა იყოს მაქსიმალურად აღდგენილი, მათ შორის იმ გოგონასი, რომელიც დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ყველა ადამიანს ჩაუტარდება მაქსიმალური მკურნალობა“, - განაცხადა სუბარმა.

მაკო გომურმა საავადმყოფო გუშინ დატოვა.

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.