გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლას ითხოვს

თბილისში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი,  24 ივნისი  — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ  წერილობით მიმართა პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძალაუფლების გადამეტება აქციის დაშლის დროს: 10 პოლიციელს შეუჩერდა უფლებამოსილება

თბილისის ცენტრში მეხუთე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვდგე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პატივისცემით, გ. გახარია “, – აღნიშნულია პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში.

21 ივნისს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მომიტინგეების ავტოკოლონა პარლამენტის შენობისკენ მიემართება

გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის 333–ე მუხლის მეორე ნაწილით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ“. დანაშაული ისჯება  სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომლებიც მონაწილეობდნენ აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.  მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

მომიტინგეები გიორგი გახარიას, როგორც დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისთვის პასუხისმგებელი პირის გადადგომას მოითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის ასევე რიგგარეშე პროპორციული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ყველა დაკავებულის გათავისუფლება.