ძალაუფლების გადამეტება აქციის დაშლის დროს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველიც.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, 2019 წლის 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

„დათოს სისხლი თქვენ ხელზეა“ - ვინ არის ბიჭი, რომელიც აქციის დარბევის შემდეგ კომაშია

„საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება აქციის ცალკეულ მონაწილეთა მიმართ სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური ძალისა და კანონით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტების სრულყოფილად გამოძიების მიზნით", - განაცხადეს პროკურატურაში.

უწყება საზოგადოებას მიმართავს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება მიაწოდონ გამოძიებას, რათა სამართლებრივი რეაგირება დროულად მოხდეს.

„პროკურატურა თხოვნით მოგმართავთ, რომ ჩვენს მიერ საპროცესო ღონისძიებების ფარგლებში მოპოვებული ფოტო-ვიდეომასალის გარდა, მოგვაწოდეთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი მტკიცებულება, რათა გამოძიებით გამოკვეთილ ყველა გადაცდომასთან და დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამას გარდა, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, პროცესში ჩართოს საქართველოს სახალხო დამცველი იმ ფარგლებში, რაც საჭირო იქნება გამოძიებაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად.