თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ტელეკომპანია „Rustavi 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანიის დარბევის შესახებ უბინძურესი პროვოკაციაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
დღეს, ტელეკომპანია Rustavi 2–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ორ, მათ შორის, სახელისუფლებო წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დღეს, ღამით, ტელეკომპანიის ძალადობრივად დაკავება იგეგმება.
თალაკვაძემ გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის დირექტორი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ხელისუფლებას Rustavi 2–ში შეჭრის გეგმა აქვს.
„მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, „ნაციონალურმა მოძრობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად. ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას. არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მით უმეტეს, ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე, მიმდინარე საინფორმაციო კამპანია კი ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.