საქართველოს სასტუმროების ბიზნესი დარტყმას პასუხს ახვედრებს

სასტუმროებმა რუს ტურისტებს, შესაძლოა, ფასდაკლებები შესთავაზონ, განაცხადა სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენელმა
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს სასტუმროების ბიზნესის წარმომადგენლები, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისების აკრძალვის შესახებ, ორშაბათს განიხილავენ, განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოში ფრენები აეკრძალებათ. მთავრობას დაევალა რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია. აკრძალვა ქართულ ავიაკომპანიებსაც შეეხო. ქართული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში ჩამოსული ყოველი მეხუთე ტურისტი (21%) რუსეთიდან იყო.

„ორშაბათს გვაქვს დიდი შეხვედრა სასტუმროებს და დავიგეგმებით. დარწმუნებული ვარ, პუტინის აკრძალვის მიუხედავად, მაინც ჩამოვა რუსი ტურისტი და იმას უფრო მეტი ფასდაკლებები უნდა დავახვედროთ, ვიდრე აქამდე გვქონდა. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა ალავერდაშვილმა, იუწყება ბიზნეს–სააგენტო Business Media.

ალავერდაშვილის თქმით, საქართველოს ტურისტული სექტორი ასი პროცენტით რუსულ ბაზარზე არაა დამოკიდებული და, შესაბამისად, „დარტყმა იქნება, მაგრამ ისეთი არა, რომ დაანგრიოს“.

საქართველოს საგარეო უწყება: ხელისუფლება ტურისტების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს>>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 – პოლიციელია. ამჟამად საავადმყოფოებში 28 პაციენტი რჩება.