რუსეთმა საქართველოში ფრენების დაშვების პირობები დაასახელა

რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის ნებართვას მაშინ მისცემენ, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ჩათვლის, რომ მათ მოქალაქეებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრება
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენებზე აკრძალვის მოხსნის პირობად რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა ქვეყანაში ვითარების ნორმალიზება დაასახელა, იუწყება РБК.

უფრო ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. იქვე აღნიშნულია, რომ ეს დროებითი ზომებია.

„საქართველოში სიტუაცია უნდა მოგვარდეს. უნდა მოიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ნებისმიერი საფრთხე“, – განაცხადა პესკოვმა.

მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას, მიიღოს ზომები რუსეთის იმ მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოში.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები აკრძალა

ამ დროისთვის რუსეთიდან საქართველოში ექვსი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს: ურალის ავიახაზები, „პობედა“, „აეროფლოტი“,S7 Airlines, Red Wings Airlines, Nordavia. ამას გარდა, რუსეთში ფრენს ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეები რაოდენობით პირველ პოზიციაზე არიან საქართველოში შემომსვლელ ტურისტებს შორის. 2019 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში რუსეთიდან დაახლოებით 540 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც 31%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება იმ სკანდალს უკავშირდება, რომელიც საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით მოხდა.